ეროსი კიწმარიშვილის საქმე

კიწმარიშვილი: მასალებში არაფერია ისეთი, რაც მკვლელობის ვერსიას აქარწყლებს

"ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიების ამ დრომდე გაცნობილ მასალებში არაფერია ისეთი, რაც მკვლელობის ვერსიას აქარწყლებს", - ამის შესახებ ქალაქის პროკურატურაში მასალების ნაწილის გაცნობის შემდეგ ეროსი კიწმარიშვილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა და აღნიშნა, რომ მასალების მხოლოდ მცირედ ნაწილს გაეცნო.

"არაფერი მინახავს და მომისმენია ისეთი, რაც ჩემს ვერსიას აქარწყლებს სამწუხაროდ", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა. მისივე თქმით, საქმე ექვს ტომს მოიცავს. ის დაკითხვის ოქმებსა და რამდენიმე ექსპერტიზის დასკვნას გაეცნო.

"შემხვდა დასკვნა, რაც მძიმე იყო ჩემთვის, მომავალში მასალებს ყველა თავისი კვალიფიკაციის მიხედვით გაეცნობა. საბოლოო ჯამში კი, მოსაზრებებს შევაჯამებთ. რის შემდეგაც შემდგომ ნაბიჯებზე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მასალების გახმაურების უფლება ამ ეტაპზე, სანამ პროკურატურა პირველად დასკვნას არ დადებს, არ გაგვაჩნია, - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა პროკურატურის შენობის დატოვების შემდეგ. 

ამასთან, ქალაქის პროკურატურაში ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატმა და დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლაიშვილმა, საგამოძიებო მასალების გაცნობა გუშინ დროებით შეწყვიტეს. მაია ნიკოლაიშვილის თქმით, მისი ინიციატივა, რომელიც ექსპერიმენტის ჩატარებას გულისხმობს გამოძიების მიმდინარეობისას, პროკურატურამ მიიღო. 

"ეს ექსპერიმენტი, მე, როგორც სასამართლო მედიკოსს, მომცემს პასუხს, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალება მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა. ოღონდ მომცემს პასუხს, როგორც სასამართლო მედიკოსს, გამოძიების საქმეა, მიიღებს თუ არა აღნიშნულ დასკვნას გამოძიების მასალებში. არ არის გამორიცხული, ამ პასუხმა გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანოს", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.

ჯერჯერობით, უცნობია, როდის გააგრძელებს ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი ადვოკატებთან და დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად საგამოძიებო მასალების გაცნობას.

ეროსი კიწმარიშვილი 15 ივლისს საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები