დავოსის ეკონომიკური ფორუმი

აბაშიშვილი: პრეზიდენტის დავოსში წასვლაზე ჯერ არ გვიმსჯელია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველს გიორგი აბაშიშვილს "აბსოლუტურად არ ესმის", რატომ მოხდა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე პრეზიდენტის მიწვევის თემის აჟიტირება და ტექნიკურ დეტალებზე საუბარი. როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, უფრო მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობის შეფასება შინაარსობრივი თვალსაზრისით.

"პრეზიდენტი, ზოგადად, რა თქმა უნდა, იღებს ძალიან ბევრ მოწვევას ძალიან ბევრი ღონისძიებიდან და ამის შემდგომ, მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია გადაწყვიტოს, ის რომელ ფორუმში, რომელ ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას. ეს ყველაფერი წყდება სწორედ ღონისძიების რანგიდან, პრეზიდენტის სამუშაო გრაფიკიდან და ღონისძიებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობიდან გამომდინარე. ეს შეთავაზება მოხდა გუშინ და, შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით, არანაირი სპეციალური მსჯელობა არ ყოფილა", - თქვა აბაშიშვილმა.

ცნობისთვის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა კლაუს შვაბმა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დავოსში ყოველწლიურ ფორუმზე გუშინ მიიწვია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით კი, "საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 14 მაისს მიიღო დავოსში მიწვევა და საქართველოს მთავრობა უკვე დიდი ხანია, ამზადებს ამ ვიზიტს". 

შვეიცარიაში, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ყოველწლიურად იმართება. წელს რიგით 44-ე ფორუმში მონაწილეობა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამთავრობო დელეგაციამ მიიღო, ხოლო 2013 წელს - ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები