უელსის სამიტი

პრეზიდენტი: პროცესი NATO-სკენ არ გულისხმობს აგრესიულ რეჟიმს რუსეთთან

გიორგი მარგველაშვილი
facebook.com/Margvelashvili

NATO-ს უელსის სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო NATO-ს არ განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაწყვეტის საშუალებად. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ალიანსთან დაახლოება არ გულისხმობს დაპირისპირებას რუსეთის ფედერაციასთან.

"ნებისმიერი ჩვენი, NATO-ს წევრობისკენ მიმართული პროცესი, არანაირად არ გულისხმობს რაიმე ტიპის აგრესიულ, ან დაპირისპირების რეჟიმს რუსეთის ფედერაციასთან. მეტიც, იმ ნაწილში სადაც ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემებზე, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპირებულ ტერიტორიებთან, ბუნებრივია, დაკავშირებული იმ ტერიტორიებთან, რომლებიც აღიარა რუსეთის ფედერაციამ, ამ მიმართულებითაც ხაზგასმულია საქართველოს ხელისუფლების მშვიდობისმოყვარე პოლიტიკა, არაერთხელ გაკეთებული განცხადებები, რომლის თანახმადაც, ჩვენ NATO-ს არ განვიხილავთ, როგორც ჩვენი ტერიტორიული პრობლემების გადაწყვეტის საშუალებად.

ნათლად ვხედავთ გამოსავალს, არა სამხედრო კონფრონტაციაში, ან რაიმეგვარ სამხედრო აქტივობებში, არამედ, ნათლად ვხედავთ გამოსავალს იმ დემოკრატიულ, ჩართვით პროცესებში, რომელიც ხორციელდება და მომავალშიც განხორციელდება ჩვენს ქვეყანაში - აფხაზეთისა და ოსეთის, აფხაზებისა და ოსების ინტეგრირება ქართულ პოლიტიკურ ერთიან სივრცეში, სივრცეში რომელიც მიისწრაფვის ევრო-ატლანტიკური ალიანსისკენ და მიისწრაფვის ევროპისკენ, სივრცეში, რომელიც უკვე გახდა ევროპის ასოცირებული წევრი. სტაბილური, დაცული, არა პრობლემების მომტანი, არამედ პირიქით, თანამშრომლობაზე ორიენტირებული საქართველო, არის სასურველი მეზობელი, როგორც რეგიონის ქვეყნებისთვის, ასევე განსაკუთრებით რუსეთისთვის" - განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები