უელსის სამიტი

ზალკალიანი: უელსის სამიტის კომუნიკეს ყველა ასპექტი ჩვენთვის ხელსაყრელია

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, ის არ იზიარებს მოსაზრებას, რომ NATO-ს უელსის სამიტის კომუნიკეს 31-ე მუხლი საქართველოსთვის საზიანოა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ზალკალიანმა ყველას მოუწოდა, გულდასმით წაიკითხონ კომუნიკე. 

"ამის შესახებ ჩვენმა მეგობარმა ჯეიმს აპატურაიმაც გააკეთა განცხადება და განმარტა კიდეც. კომუნიკეში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზეა საუბარი, რომლებსაც არ აქვთ საშუალება თავისუფალი გადაადგილების, ვაჭრობაზე წვდომის. ჩვენს ოპონენტებს მოვუწოდებ - ნუ ეძებენ რაღაც სენსაციებს იქ, სადაც არ არის ამის საჭიროება. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ასპექტი, რომელიც მიღებულია ამ კომუნიკეში, არის ჩვენთვის ხელსაყრელი, ჩვენი მხარდამჭერი და არანაირ ზიანს ის ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

ცნობისთვის, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიორგი კანდელაკმა, შაბათს, 6 სექტემბერს განაცხადა, რომ NATO-ს უელსის სამიტის დეკლარაციის 31-ე პარაგრაფი, სადაც ნათქვამია, რომ კონფლიქტების არსებობა რეგიონის მოქალაქეების ევრო-ატლანტიკური წევრეობისთვის ხელისშემშლელია, ქართული დიპლომატიის მარცხია. 

ამასთან, NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ NATO-ს სამიტის დეკლარაციაში კონფლიქტების ნაწილზე გაკეთებული ჩანაწერი განმარტა. მისი თქმით, დეკლარაციაში წერია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობებს, რათა მიიღონ მათი სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა.

“ტექსტი შეგნებულად მიანიშნებს "მოქალაქეებზე": მათი გადაადგილების, ვაჭრობისა და კეთილდღეობის თავისუფალ შესაძლებლობებზე. ის შეგნებულად არ იყებებს ტერმინს "სახელმწიფოები", იმიტომ, რომ NATO არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მესამე მხარეს შეუძლია, შეწყვიტოს გაფართოების პროცესი კონფლიქტის შექმნით ან გაყინვით. ასპირანტი ქვეყნები შეფასდებიან მათი რეფორმებით, თავიანთი და NATO-ს მზადყოფნით: უბრალოდ და მარტივად”, - აღნიშნავს აპატურაი.

კომენტარები