ოსკარები 2015

საქართველომ ოსკარებზე გიორგი ოვაშვილის ფილმი ”სიმინდის კუნძული” გაგზავნა

ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე მოსახვედრად საქართველომ გიორგი ოვაშვილის ფილმი ”სიმინდის კუნძული” წარადგინა.

ფილმ ”გაღმა ნაპირის” რეჟისორის ახალმა ნამუშევარმა, ლევან კოღუაშვილის ”შემთხვევით პაემნებს”, თინათინ ყაჯრიშვილის ”პატარძლებს” და მარიკა ქაცარავას ფილმს ”ზღვარზე” აჯობა და შეეცდება 2015 წლის ოსკარებზე მოხვდეს.

”სიმინდის კუნძულის” სიუჟეტი მდინარე ენგურზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ. ნამუშევრის მთავარი გმირები აფხაზი მოხუცი, მისი შვილიშვილი და ქართველი ჯარისკაცია.

ოვაშვილის ფილმმა საერთაშორისო აღიარება უკვე მოიპოვა და კარლოვი ვარის ფესტივალზე ორი ჯილდო დაიმსახურა. 

15 იანვარს ამერიკის კინოაკადემია იმ ფილმების სიას გამოაქვეყნებს, რომლებიც საუკეთესო უცხოენოვანი ფილმისათვის განკუთვნილი ოსკარის მისაღებად იბრძოლებენ.

კომენტარები