ოსკარები 2015

ოსკარები 2015-ის გამარჯვებულები ცნობილია

ოსკარები 2015-ის მთავარი გამარჯვებული ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ნამუშევარი ადამიანი ჩიტი გახდა.

მექსიკელი რეჟისორის ფილმმა ოთხი ჯილდო დაიმსახურა. პირადად ინიარიტუმ სამი ჯილდო მოიპოვა - ის წლის საუკეთესო რეჟისორი გახდა, საუკეთესო სცენარის ავტორისთვის განკუთვნილი ჯილდო მიიღო, ხოლო ადამიანი ჩიტის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებისას, სცენაზე პროდიუსერის რანგში ავიდა.

ოსკარების 87-ე დაჯილდოებამ სიურპრიზების გარეშე ჩაიარა და ყველა მთავარ ნომინაციაში უმთავრესმა ფავორიტმა გაიმარჯვა.

საუკეთესო მსახიობი მამაკაცად ედი რედმეინი დაასახელეს, რომელმაც სტივენ ჰოკინგის როლის შესრულებისთვის ოქროს გლობუსიც მოიპოვა. ოქროს გლობუსისვე გამარჯვებული ჯულიან მური საუკეთესო მსახიობი ქალი გახდა. ეს ორივე მსახიობისთვის კარიერაში პირველი ოსკარი იყო.

მეორეხარისხოვანი როლების საუკეთესოდ შესრულებისთვის ჯეი.ქეი. სიმონსი და პატრიცია არკეტი გამოარჩიეს. ორივე მსახიობი ნომინაციის უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და აქამდე თითქმის ყველა შესაძლო პრესტიჟულ ამერიკულ კინოფესტივალზე გაიმარჯვეს.

ოსკარის გარეშე დარჩა ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური პროექტი მანდარინები. საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციას ორი ფავორიტი ანდრეი ზვიაგინცევის ნამუშევარი ლევიათანი და პაველ პავლიკოვსკის კინოსურათი იდა ყავდა. რუსულ-პოლონური პროექტების ბრძოლაში იდამ გაიმარჯვა.

ზედიზედ მეორე წელია კონკურენტი არ ყავს ემანუელ ლუბეცკის, ადამიანი ჩიტის ოპერატორმა სრულიად დამსახურებული ჯილდო მოიპოვა.

მეშვიდე ცდიდან მოახერხა და ოსკარი მოიპოვა ალექსანდ დესპლამ. XXI საუკუნის ერთ-ერთმა გამორჩეულმა კომპოზიტორმა ოქროს ქანდაკება სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტისთვის შექმნილი მუსიკისთვის დაიმსახურა. უეს ანდერსონის ტრაგიკომედიურმა ისტორიამ კიდევ სამი ჯილდო მოიპოვა - სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი საუკეთესო კოსტიუმებისთვის, გრიმისა და დიზაინისთვის დააჯილდოვეს.

ოქროს გლობუსის გამარჯვებულმა და ადამიან ჩიტთან ერთად ოსკარები 2015-ის უმთავრესმა ფავორიტმა რიჩარდ ლინკლეიტერის ფილმმა ბავშვობა მხოლოდ ერთი ჯილდო მოიპოვა.

ოსკარები 2015-ის გამარჯვებულები:

საუკეთესო ფილმი - ადამიანი ჩიტი.

აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ბავშვობა, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი, შეპყრობილი, სელმა, ამერიკელი სნაიპერი, იმიტაციის თამაში და ყველაფრის თეორია.

საუკეთესო რეჟისორი - ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ(ადამიანი ჩიტი).

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - რიჩარდ ლინკლეიტერი (ბავშვობა), ბენეტ მილერი(მელიებზე მონადირე), უეს ანდერსონი (სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი) და მორტენ ტილდუმი (იმიტაციის თამაში).

საუკეთესო მსახიობი მამაკაცი - ედი რედმეინი (ყველაფრის თეორია)

აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - სტივ ქერელი (მელიებზე მონადირე), მაიკლ კიტონი (ადამიანი ჩიტი), ბენედიქტ ქამბერბაჩი (იმიტაციის თამაში) და ბრედლი კუპერი (ამერიკელი სნაიპერი).

საუკეთესო მსახიობი ქალი - ჯულიან მური (კვლავ ელისი)

აღნიშნულ ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - მარიონ კოტიარი(ორი დღე, ერთი ღამე), როზამუნდ პაიკი(დაკარგული ქალი), ფელისითი ჯონსი (ყველაფრის თეორია) და რიზ უიზერსპუნი (ველური).

მეორეხარისხოვანი როლი, მამაკაცი - ჯეი ქეი სიმონსი (შეპყრობილი)

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - რობერტ დიუვალი (მოსამართლე), მარკ რაფალო (მელიებზე მონადირე), ითან ჰოუკი (ბავშვობა) და ედუარდ ნორტონი (ადამიანი ჩიტი).

მეორეხარისხოვანი როლი, ქალი - პატრისია არკეტი (ბავშვობა)

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - ემა სტოუნი (ადამიანი ჩიტი), ლორა დერნი (ველური), მერილ სტრიპი (ტყეში) და კირა ნაითლი (თამაშის იმიტაცია).

ანიმაციური ფილმი - დიდი გმირი 6.

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ -  ზღვის სიმღერა, მონსტრების ოჯახი, პრინცესა კაგუიას ამბავი, როგორ მოვარჯულოთ დრაკონი 2.

ოპერატორის საუკეთესო ნამუშევარი - ემანუელ ლუბეცკი (ადამიანი ჩიტი)

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ: რობერტ იომანი (სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი), ლუკაზ ზალი და რიზარდ ლენჩევსკი (იდა), დიქ პოუპი (მისტერ ტერნერი), როჯერ დიკინსი (გაუტეხავი).

კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი - მილენა კანონერო (სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი).

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყვნენ - მარკ ბრიჯისი(თანდაყოლილი ნაკლი), კოლინ ეტვუდი(ტყეში), ანა შეპარდი და ჯეინ კლივი (მალეფისენტი), ჟაკლინ დიურანი (მისტერ ტერნერი).

საუკეთესო დოკუმენტური ფილმი - მეოთხე მოქალაქე.

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ვივიენ მაიერის პოვნა, უკანასკნელი დღეები ვიეტნამში, დედამიწის მარილი და ვირუნგა.

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი - პაველ პავლიკოვსკის "იდა".

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ანდრეი ზვიაგინცევის "ლევიათანი", ზაზა ურუშაძის "მანდარინები", სისაკო აბდერაჰმანის "ტიმბუკტუ" და დამიან შიფრონის "ველური ზღაპრები".

საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა - სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი.

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო ფილმები - მელიებზე მონადირე და გალაქტიკის გუშაგები.

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი - იმიტაციის თამაში.

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ამერიკელი სნაიპერი, თანდაყოლილი ნაკლი, ყველაფრის თეორია და შეპყრობილი.

საუკეთესო ორიგინალური სცენარი - ადამიანი ჩიტი.

ნომინაციაზე ასევე წარდგენილი იყო - ბავშვობა, მელიებზე მონადირე, სასტუმრო გრანდ ბუდაპეშტი და ნაითქროლერი.

ოსკარების 87-ე დაჯილდოების გამარჯვებულთა სრული სიის ხილვა ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ.

კომენტარები