NATO-საქართველოს ურთიერთობა

მარგველაშვილი: მოკავშირეებმა რუსეთს გავლენის სფეროების ქონა არ უნდა აპატიონ

იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც რუსეთის გავლენის ქვეშ ექცევიან, ზოგადი, ერთიანი მიდგომა უნდა შემუშავდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლონდონის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარგველაშვილის განცხადებით, უკრაინის და საქართველოს მოკავშირეებმა არ უნდა დაუშვან რუსეთის გავლენის სფეროების ქონა, რადგან უსაფრთხოების თვალსაზრისით, მთელ ევროპაში პრობლემები იქნება.

”გვსურს, რომ შემუშავდეს არა მხოლოდ პერიოდული ეფექტიანი საპასუხო ზომები, არამედ შემუშავდეს ზოგადი მიდგომა ისეთი ქვეყნებისადმი, როგორებიცაა საქართველო და უკრაინა. უნდა იყოს საერთო მიდგომა იმ ქვეყნებისადმი, რომლებიც ექცევიან რუსეთის გავლენის ქვეშ. ეს მიდგომა გაზიარებული უნდა იყოს ჩვენი მოკავშირეების მიერ. ეს არის ჩვენი გზავნილი მოკავშირეებისადმი: თუკი რუსეთს ვაპატიებთ გავლენის სფეროების ქონას, თუ რუსეთის ეს მისწრაფება მიღებული და გაზიარებული იქნება, მაშინ, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენი მომავალი კიდევ უფრო გართულდება არა მხოლოდ ამ ქვეყნებში, არამედ ზოგადად მთელ ევროპაში”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის აზრით, საქართველო და უკრაინა უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს ყველაფერი რუსეთსაც უფრო მეტად აძლევს ხელს.

”ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების მეტ ჩაბმულობაზე ევროპულ სტრუქტურებში, ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნების მეტ ჩაბმულობაზე ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში და ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქმედებებზე, რომლებიც შექმნის უფრო დადებით გარემოს ჩვენი ქვეყნებისათვის, ევროპისათვის, და უფრო მეტიც, რუსეთისათვის, რადგან, მე ვფიქრობ, და ეს არ არის ძნელად გასაგები მეცნიერული საკითხი, რომ სტაბილური უკრაინა, სტაბილური საქართველო, სტაბილური ეკონომიკითა და უსაფრთხო გარემოთი, რუსეთისთვის შესაძლებლობებს უფრო წარმოქმნის, ვიდრე საფრთხეს”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთი მოწადინებული უნდა იყოს, რომ ეკონომიკურად ძლიერი მეზობლები ჰყავდეს.

”ეს არის შესაძლებლობა რუსული ბიზნესისა და მოსახლეობისათვის, რათა ჰყავდეთ უკეთესი მეზობლები, რუსეთის ფედერაციის მოსაზღვრე ყველა ქვეყანა იყოს მეგობრული და არა ჰქონდეთ სამხედრო მიზნები მის წინააღმდეგ, არ ქმნიდნენ საფრთხეს ამ ქვეყნისათვის. რუსეთის პრობლემები არ წყდება საქართველოსა და უკრაინის ან სხვა რომელიმე მეზობლის მიმართ აგრესიით, ამ ქვეყნების დამოუკიდებელი არჩევანი ემსახურება მეტი დაცულობისა და სტაბილურობის იდეას, ხოლო ევროპისა და NATO-ს მოქმედებებს რუსეთისთვის სირთულე არ შეუქმნია”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მას იმედი აქვს, რომ უელსის სამიტზე NATO-საქართველოს ურთიერთობა კიდევ უფრო გამყარდება.

”ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მოკავშირეების ჩაბმულობა შექმნის უფრო სტაბილურ ქვეყანას, უფრო სტაბილურ და უფრო დაცულ რეგიონს მთელი მსოფლიოსათვის. ამ გზავნილით მივდივართ ჩვენ NATO-ს სამიტზე, სადაც იმედი გვაქვს, რომ საქართველოს სტაბილურობის შესახებ არსებული კითხვის ნიშნები მალე შეიცვლება NATO-ს ძალიან მტკიცედ გამოხატული და ფორმულირებული პოლიტიკით, რაც საქართველოსა და რეგიონს გახდის უფრო სტაბილურსა და უსაფრთხოს უელსის სამიტის შემდეგ. ეს არის ჩვენი გზავნილი. ამ თვალსაზრისით, ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან. გვჯერა, რომ ჩვენს ხელთაა ძალიან ცხადი საშუალებები, რომლებსაც ჩვენს მოკავშირეებს გავუზიარებთ და იმედი გვაქვს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესის მომტანი იქნება საქართველოსთვის, კავკასიისა და თანდათანობით ევროპისთვისაც”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები