საბანკო სექტორი

რუსმა ჰაკერებმა ამერიკულ ბანკზე JP Morgan&Chase კიბერშეტევა განახორციელეს

კასპერ პემპელი / REUTERS

რუსმა ჰაკერებმა ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსურ სისტემაზე შეტევა განახორციელეს, რასაც საინვესტიციო ბანკინგის გიგანტის JP Morgan & Chase-ის მონაცემთა ბაზებში შეღწევა და მონაცემების მოპარვა მოჰყვა. დაკარგულია გიგაბაიტობით ინფორმაცია მომხმარებლებსა და ბანკის თანამშრომლებზე.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური გამოძიების ბიურო საქმეს იძიებს, როგორც რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციებისათვის სამაგიეროს გადახდას. გამოცემა ასევე წერს, რომ მსგავსი ტიპის კიბერშეტევის განხორციელება ჩვეულებრივი კრიმინალური ჰაკერების კომპეტენციას სცდება და სავარაუდოა, რომ საქმე რუსეთის მიერ დაფინანსებულ სახელმწიფო სისტემაში მომუშავე სპეციალისტებთან გვაქვს.

ჰაკერული შეტევის შედეგად ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე 28 აგვისტოს JP Morgan-ის აქციის ფასი 15 ცენტით დაეცა და $59.6-ს გაუტოლდა.

JP Morgan & Chase-ის გარდა, ჰაკერული თავდასხმის მსხვერპლი აგვისტოს თვის განმავლობაში, როგორც მინიმუმ, 4 სხვა ბანკი გახდა, - იტყობინება Bloomberg-ის კორესპონდენტი.

საინვესვესტიციო ბანკმა შეტევის შედეგად დამატებითი თავდაცვითი მექანიზმების იმპლემენტაცია დაიწყო. ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა ბანკის აქციონერთა მიმართ დაწერილ წერილში აღნიშნა, რომ ისინი კიბერუსაფრთხოებისთვის დამატებით $50 მილიონ დოლარს გამოყოფენ, რაც 2013 წელს გამოყოფილი თანხაზე 25%-ით მეტია. Bloomberg-ის მონაცემებით, JP Morgan & Chase ყოველწლიურად $200 მილიონს ხარჯავს, რათა თავიდან აირიდოს კიბერთავდასხმები.

Bloomberg-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, კიბერშეტევისგან მიღებული ფინანსური დანაკარგი ჯერჯერობით დათვლილი არ არის. არც ის არის გარკვეული, მოსალოდნელია თუ არა რაიმე ფინანსური დანაკარგი.

კომენტარები