საბანკო სექტორი

2020 წელს კომერციული ბანკების მოგება 854 მილიონი ლარით შემცირდა

Imedinews

საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლის ფინანსური სექტორის მიმოხილვას ავრცელებს

დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში კომერციულმა ბანკებმა 4 912 მილიონი ლარის შემოსავლები მიიღეს, მთლიანი ხარჯები 3 504 მილიონ ლარს გაუტოლდა, გადასახადების გადახდის შემდგომ დარჩენილმა წმინდა მოგებამ კი 99.3 მილიონი შეადგინა.

2019 წელს კომერციული ბანკების მიერ გადასახადების გადახდის შემდეგ დარჩენილი წმინდა მოგება 953.3 მილიონ ლარს შეადგენდა,  2020 წელს კი – 99.3-ს. 

წმინდა მოგების უჩვეულო ვარდნა აქტივების შესაძლო დანაკარგებიდან მიღებულმა მთლიანმა ზარალმა განაპირობა, რომელიც მარტის თვეში 1 189 მილიონ ლარს შეადგენდა – აღნიშნული მაჩვენებელი, ზოგადად, -40 – 40 მილიონი ლარის შუალედში მერყეობს. 2020 წლის მარტში დაფიქსირებული ზარალი კორონავირუსის პანდემიისგან გამოწვეულმა შოკმა განაპირობა. 

2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 56.9 მილიარდი ლარია, რაც 9.7 მილიარდი ლარით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. ნიშანდობლივია, რომ სხვაობა, უმეტესწილად, უცხოურ ვალუტაში დენომინირებული აქტივების 5.7-მილიარდიანი ზრდითაა განპირობებული. გაზრდილია ჯამური ვალდებულებებიც: 2020 წლის 31 დეკემბერს კომერციული ბანკების მთლიანმა ვალდებულებებმა 51 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 9.6 მილიარდი ლარით მეტია. 

უფრო დეტალურად სებ-ის ფინანსური სექტორის ანალიზის შესახებ წაიკითხეთ აქ

 

კომენტარები