ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 12% ამბობს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ის და მისი ოჯახი უკეთესად ცხოვრობს, ხოლო 17% აცხადებს, რომ - უარესად.
NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ყველაზე მეტი გამოკითხულისთვის მდგომარეობა თბილისში (22%), თელავში (22%), მცხეთასა (23%) და გორში (22%) გაუარესდა, ხოლო ყველაზე ნაკლებისთვის - ბათუმსა (10%) და ფოთში (9%). ამასთან, ყველაზე მეტი გამოკითხულის მდგომარეობა მცხეთაში (15%), ხოლო ყველაზე ნაკლების - გორში (5%) გაუმჯობესდა. სხვა ქალაქებში კი, გაუმჯობესების მაჩვენებელი 9-11%-ია.
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საველე სამუშაოები 2014 წლის 23 ივლისი-7 აგვისტოს პერიოდში ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულია 3338 ადამიანი. საშუალო ცდომილების ზღვარია +-2.9%.





