საქართველო-აშშ

ვოლკერი: ბარაკ ობამა აშკარა უპირატესობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობას

ამერიკის ხმა

NATO-ში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩის კურტ ვოლკერის შეფასებით, ჯურჯ ბუშის ადმინისტრაციასა და ბარაკ ობამას დღევანდელ ადმინისტრაციას შორის დიდი მსოფლმხედველობრივი განსხვავებაა. ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ვოლკერმა თქვა, რომ "ობამას ადმინისტრაცია აშკარა უპირატესობას ანიჭებს რუსეთთან ურთიერთობას, „გადატვირთვის“ პოლიტიკას, და მისი ამოცანაა დიდ სახელმწიფოებთან ურთიერთობის მოგვარება. შედეგად მივიღეთ ის, რომ საქართველოსთან ურთიერთობის მნიშვნელობა დაკნინდა". ამის შესახებ ვოლკერმა ამერიკის ხმის კორესპონდენტის ია მეურმიშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ 2005 წელს პრეზიდენტმა ბუშმა საქართველოს დემოკრატიის შუქურა უწოდა. მეურმიშვილმა ყოფილ ელჩს ჰკითხა, ფიქრობს თუ არა, რომ მაშინ ამერიკამ საქართველოს დემოკრატიას იმაზე მეტი ნდობა გამოუცხადა, ვიდრე იმსახურებდა და დღეს გაზვიადებული იმიჯის ნგრევის მოწმენი ვართ. 

კურტ ვოლკერის განცხადებით, ბუშის ადმინისტრაციას ბარაკ ობამას ადმინისტრაციისგან საწინააღმდეგო შეხედულება ჰქონდა.

"ჯორჯ ბუშისთვის საქართველო გარკვეული პრინციპებისა და ღირებულებების სიმბოლო იყო: თავისუფლების, საბაზრო ეკონომიკის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ იყო უნაკლო, იმედი გვქონდა, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნების მსგავსად, ისიც გაატარებდა რეფორმებს და გარდაიქმნებოდა. საქართველოს უდავოდ ჰქონდა ნაკლი, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო იმ პროცესების მხარდაჭერა, რომლებიც ვახსენე, რადგან ამერიკას პრინციპების სჯერა. საქართველოს მხრიდან კი, ჩემი აზრით, ასეთი ვითარება იყო: მიუხედავად იმისა, რომ ბუშის ადმინისტრაცია განუწყვეტლივ საუბრობდა სასამართლო რეფორმის, დემოკრატიის გამყარების, მედიის თავისუფლებისა და, ზოგადად, მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე, საქართველოს მთავრობა ყველაფერს არ ითვალისწინებდა. ქვეყნის ლიდერები გზავნილებს შერჩევითად უგდებდნენ ყურს და ესმოდათ მხოლოდ ის, რისი გაგონებაც სურდათ. შესაძლოა, ბუშის ადმინისტრაციის ბრალი იყო, რომ მას არ ჰქონდა უფრო მკაფიო გზავნილები. ვერავინ იტყვის, რომ საქართველოს იმ ადმინისტრაციისაგან უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა, რადგან საკმაოდ ხშირი იყო კრიტიკაც", - თქვა ვოლკერმა.

ამერიკის ხმის კითხვაზე, "რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა პრაქტიკულად ჩავარდნილია. როგორ ფიქრობთ, ობამას ადმინისტრაცია შეცვლის საქართველოსადმი თავის დამოკიდებულებას?", NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი პასუხობს, რომ "არა მგონია". მისი თქმით, ისურვებდა, სხვა პასუხის გაცემის საშუალება ჰქონდეს.

"მაგრამ არა მგონია. იმის გამო, რომ „გადატვირთვა“ ჩავარდა, ამერიკას რუსეთთან დაპირისპირება გაუღრმავდა. კონფრონტაციაში ჩართვის ნაცვლად, ვაშინგტონი უკან იხევს. ამ დაპირისპირების ცხადი მაგალითია უკრაინა, სადაც ჩვენ მეტისმეტად ვფრთხილობთ", - აღნიშნა ვოლკერმა.

კომენტარები