მიხეილ სააკაშვილის საქმე

კახიძე: გაფლანგვაზე საუბრისას, უნდა შეფასდეს, რა შედეგს მიაღწია ქვეყანამ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ოთო კახიძის განცხადებით, სახელმწიფო დაცვის სამსახურის მასალებს ბიძინა ივანიშვილი პირადად აკონტროლებდა. მისივე თქმით, "არც იმას გამოვრიცხავ, რომ მტკიცებულებებით მანიპულაციას ჰქონდეს ადგილი". ოთო კახიძეს საააკშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებასთან დაკავშირებით საქმის მასალებს 18.00 საათზე გადასცემენ. ადვოკატი აღნიშნავს, რომ ის არ ენდობა პროკურატურის განცხადებებს და შეფასებას საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს. კახიძის თქმითვე, მიხეილ სააკაშვილს და ზვიად გამსახურდიას დაახლოებით ერთნაირი ბრალდებები წარუდგინეს.

"ყველას გვახსოვს გამსახურდიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება პალტოების შესახებ და იმასთან დაკავშირებით, რომ იგი მერსედესით მოძრაობდა. მენტალურად იგივე ხალხი უყენებს ბრალს ახლა სააკაშვილს", - აღნიშნა კახიძემ. მისივე თქმით, მითი იმის შესახებ, რომ ელიტური კორუფციის მეშვეობით მიმდინარეობდა ხარჯების აკუმულირება, გაქრა. 

"19 მილიონი რომ გაიტაცა სააკაშვილმა, ესეც გამოუძიებელია. სამაგიეროდ, ორწლიანი მუშაობის შედეგად აღმოაჩინეს, რომ 8 მილიონი ლარი დაიხარჯა ოფიციალურად პრეზიდენტის დაცვის სამსახურის სპეციალური სახსრებიდან. გაფლანგვაზე როდესაც ვსაუბრობთ, უნდა შეფასდეს, რაში დაიხარჯა თანხები და, მეორე მხრივ, რა შედეგი იქნა მიღწეული. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი 11-ჯერ გაიზარდა. შეგვიძლია ვთქვათ ასევე, რომ მილიონობით ტურისტი სტუმრობს საქართველოს და მათი რაოდენობა იზრდება. თავიდან აშენდა სახელმწიფო ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა და ქალაქებიც კი. როდესაც ვსაუბრობთ გაფლანგვაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რა შედეგი მოუტანა ქვეყანას საერთაშორისო აქტივობებმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს. 138 მილიონი აქვს ივანიშვილის მთავრობას პრემიების სახით გახარჯული. რა შედეგი მიიღო ამით საქართველოს მოსახლეობამ, ესეც გასათვალისწინებელია. ჩვენ ნებისმიერ დროს შეგვიძლია შევადაროთ ნაციონალური მოძრაობის პერიოდში გაწეული ხარჯები და მიღწეული შედეგები და ასევე დღევანდელი მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები. როდესაც ხადურის მთავრობა საუბრობს სააკაშვილის კვების მომსახურებაზე, ცინიკურია", - განაცხადა კახიძემ და განმარტა, რომ სწორედ ასეთია მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიცია. 

პროკურატურამ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ 8 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვისთვის ბრალის დადგენილება გამოიტანა. ექსპრეზიდენტთან ერთად ბრალი წარედგინა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს თემურ ჯანაშიასაც. პროკურატურამ წარმოადგინა უცხოეთში ვიზიტებისას ყოფილი პრეზიდენტის სასტუმროების, სტილისტების, მასაჟისტის, მზარეულის მომსახურების, ავტომანქანების, ვერტმფრენის, იახტის, ველოსიპედების დაქირავების ხარჯი. ასევე, პროკურატურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა შვიდი პიჯაკი, 1 ქაშმირის პალტო, ორი კოსტიუმი და ათი მაჯის საათი იყიდა.

კომენტარები