სანდრო გირგვლიანის საქმე

პრემიერი: სამართლიანობის აღდგენის პროცესი მივა ბოლომდე

საქართველოს პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან და ობიექტურ გამოძიებასთან". პრემიერმა ოლეგ მელნიკოვის მიცემული აღიარებითი ჩვენება შეაფასა და აღნიშნა, რომ "სამართლიანობის აღდგენის პროცესი" ბოლომდე მივა. 

"ის პროცესი, რაც ჩვენ წამოვიწყეთ და რისთვისაც მოსახლეობამ აგვირჩია, მივა ბოლომდე. მე, როგორც პრემიერმინისტრი, ვპირდები მოსახლეობას, რომ თითოეული მოქალაქის მიმართ აღდგება სამართლიანობა. მივესალმები ყველა ადამიანის გადაწყვეტილებას, რომ ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, ობიექტურ გამოძიებასთან და ერთხელ და სამუდამოდ, ჩვენმა მოქალაქეებმა და მსოფლიომ გაიგოს სიმართლე და ის სასტიკი რეალობა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობდა ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

რაც შეეხება მოსაზრებას, რომ მელნიკოვზე შესაძლოა ზეწოლას ჰქონოდა ადგილი, პრემიერის თქმით, ეს არის ოპონენტების ბრალდება, რომელზეც კომენტარს არ გააკეთებს. 

"სასჯელაღსრულების სისტემა და მთლიანი მთავრობა არის ისეთი გამჭვირვალე, როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ, ევროპულ თანამედროვე სახელმწიფოში", - დასძინა ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოლეგ მელნიკოვი სანდრო გირგვლიანის საქმეში თავს დამნაშავედ მიიჩნევს და აღიარებით ჩვენებას აძლევს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე მელნიკოვმა განაცხადა, რომ "სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ის მანქანით გადაადგილდებოდა დათა ახალაიასთან და სხვა პირებთან ერთად. მანქანა ჯერ მივიდა გენერალურ პროკურატურაში, შემდეგ კი პრეზიდენტის რეზიდენციაში შავნაბადაზე". მელნიკოვის თქმით, ის მანქანაში იმყოფებოდა, თუმცა აქვს ინფორმაცია, რომ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში შეხვდა ზურაბ ადეიშვილს, ხოლო რეზიდენციაში - მიხეილ სააკაშვილს. მისი განცხადებით, ამ დროს ახალაიამ, ადეიშვილმა და სააკაშვილმა დაგეგმეს, რომ სიმბოლურად უნდა დაეკავებინათ შსს-ს ოთხი თანამშრომელი, რომლებსაც მალევე გაათავისუფლებდნენ. მელნიკოვის თქმითვე, მას დათა ახალაიამ წინასწარ დაწერილი ჩვენება გადასცა. მისივე განცხადებით, იმის მიუხედავად, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ანაზღაურება ერიცხებოდა.

კომენტარები