The Washington Post-ის სტატია

WASHPOST: არალიბერალურმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ამერიკის წითელი ხაზი გადაკვეთა

washington post
washingtonpost.com

"ამ ზაფხულს ობამას ადმინისტრაციამ იმდენი საერთაშორისო კრიზისში იწვნია მძიმე მარცხი - ღაზა, უკრაინა, ერაყი, სირია, ლიბია, ავღანეთი, რომ ამერიკის პოლიტიკასა და პრესტიჟზე მცირე, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი დარტყმები შეუმჩნეველი რჩება. ერთ-ერთი უკანასკნელი დარტყმა ობამას ადმინისტრაციამ ერთ დროს ამერიკის ახლო მოკავშირე საქართველოსგან მიიღო", - წერს სტატიაში ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის სარედაქციო გვერდის რედაქტორის მოადგილე ჯექსონ დილი.

"არალიბერალური ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ საქართველოს მთავრობას აკონტროლებს, არაერთხელ იქნა გაფრთხილებული ობამას ადმინისტრაციის მიერ, არ დაეწყო ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა. ათწლეულის წინ სააკაშვილი სათავეში ედგა საქართველოს დემოკრატიულ რევოლუციას, ხოლო 2012 წელს არჩევნებში მარცხის შემდეგ მშვიდობიანად გადააბარა ძალაუფლება. მიუხედავად მრავალგზისი გაფრთხილებისა, გასულ ორშაბათს საქართველოს მთავრობამ აშკარად პოლიტიკური ბრალდებები წაუყენა სააკაშვილს და მისი პარტიის ოთხ სხვა ლიდერს.

შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ პატარა ქვეყნის მიერ ამერიკის წითელი ხაზის გადაკვეთაში საყურადღებო არაფერია - ყველაფრის მიუხედავად, სააკაშვილი ხომ დაპატიმრებული არაა და უკრაინაში პროდასავლურ ახალ მთავრობას რჩევებს აძლევს, მაგრამ საქმე ისაა, რომ ეს უკვე ზოგადი ტენდენციის ნაწილი გახდა. ვაშინგტონის სამხედერო და ეკონომიკურ დახმარებაზე დამოკიდებულმა შეერთებული შტატების მოკავშირეებმა, მათ შორის ისეთმა რეჟიმებმა, როგორიც საქართველოშია, ერთმანეთის მიყოლებით ღიად დაიწყეს ობამას ადმინისტრაციის იგნორირება და, ზოგიერთ შემთხვევაში, მისი წარმომადგენლების მიზანმიმართული დამცირებაც კი", - წერია სტატიაში.

ავტორი მიიჩნევს, რომ "ყალიბდება საერთაშორისო კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ამერიკას აღარ ძალუძს შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები და დაიცვას გავლებული წითელი ხაზები, თუნდაც მოკავშირეთა შემთხვევაში. ეს აშკარად გამოჩნდა როგორც საქართველოს მიერ აბუჩად აგდებაში, ასევე მანამდე ისრაელის მიერ ამერიკული დიპლომატიის უგულებელყოფაში".

ამერიკელ დიპლომატებსა და მოხელეებთან საუბრების საფუძველზე ჯექსონ დილი შეერთებული შტატების გავლენის კოლაფსის რამდენიმე ძირითადად მიზეზს ასახელებს - ავღანეთიდან და ერაყიდან ნაჩქარევ გასვლას, სირიის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების დაუსჯელად დატოვებას, ასევე ობამას საჯარო გამოსვლებს, მათ შორის, შარშან შემოდგომაზე გაეროში გამოსვლას, სადაც მან გამოაცხადა, რომ ამერიკა ითანამშრომლებს იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებიც ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს არ იცავენ, მაგრამ შეერთებული შტატების ძირეულ ინტერესებს ითვალისწინებენ.

დილის აზრით, "ადმინისტრაციის ყველაზე უაზრო შეცდომა, თუნდაც პატარა სახელმწიფოებისგან მომდინარე შეურაცხყოფათა იგნორირება. ამერიკა მხოლოდ შეშფოთების რუტინული განცხადებით შემოიფარგლა ბაჰრეინიდან დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ტომ მალინოვსკის გამოძევების გამო, ისევე როგორც მიხეილ სააკაშვილის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში. არადა, ადმინისტრაციას სულ ადვილად შეეძლო ამ მთავრობების დასჯა და შეკავება, გამოეწვია ელჩები, შეეწყვიტა სამხედრო დახმარება, გაეუქმებინა სამხედრო წვრთნები და ოფიციალური ვიზიტები. ამის ნაცვლად, ობამას ადმინისტრაციის გზავნილია, რომ მისი უგულებელყოფა დაუსჯელად შეიძლება". აქედან გამომდინარე, დილი ვარაუდობს, რომ ამერიკის იგნორირების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება.

კომენტარები