The Washington Post-ის სტატია

WP: პოპულარული ტელეკომპანიის მითვისება ქართულ დემოკრატიაზე დარტყმა იქნება

washington post
washingtonpost.com

The Washington Post რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს სარედაქციო წერილს უძღვნის. გამოცემა წერს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საქართველო დემოკრატიულ ჩარჩოებს გვერდს უვლის. The Washington Post-ის შეფასებით, ქართული ოცნების მმართველი გუნდი და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, ხელში ჩაიგდოს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია. გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ რუსთავი 2-ზე ზეწოლა გაგრძელდება, საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიას, არამედ კავშირებს, რომელიც ქვეყანამ დასავლეთის მთავრობებთან და ინსტიტუტებთან ააგო.

"მას შემდეგ, რაც 2012 წლის არჩევნები ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით დასრულდა, რაც იშვიათი რამაა ევრაზიის ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის, საქართველო დემოკრატიულ ჩარჩოებს გვერდს უვლის. ახალი მთავრობა, პოპულისტი მილიარდერის ხელმძღვანელობით, შეეცადა პასუხისგებაში მიეცა არჩევნებში დამარცხებულები, მათ შორის, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ჩაეხშო კრიტიკა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაში. თუმცა, ამას ხშირად აჩერებდა დასავლეთი, მათ შორის, ევროკავშირი, რომელთანაც ასოცირების შეთანხმება საქართველომ გასულ წელს გააფორმა.

ახლა, როდესაც მისი პოპულარობა ქვემოთ ეშვება, შემდეგ წელს კი არჩევნებია, ქართული ოცნების მმართველი გუნდი და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, როგორც ჩანს, უფრო მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას აპირებს. ბიზნესმენი, პარტიასთან ერთად, ცდილობს ხელში ჩაიგდოს ქვეყნის ყველაზე პოპულარული ტელეკომპანია, რომელიც ხშირად გადმოსცემს ოპოზიციურ შეხედულებებს, და იმასაც მიაღწია, რომ ტელეკომპანიის აქტივები სასამართლომ დააყადაღა. საბოლოო გადაწყვეტილებას მფლობელის შეცვლაზე ამ კვირაში ელიან", - წერს ვაშინგტონ პოსტი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, "მთავრობის მტკიცების, რომ მას არაფერი აქვს საერთო სამართლებრივ ბრძოლასთან რუსთავი 2-ის გარშემო, არ სჯერა ქართული პოლიტიკური აქტორებისა და თავისუფალი სიტყვის საერთაშორისო მონიტორების უმრავლესობას, რომლებიც სასამართლოზე მთავრობის გავლენის წარსულ შემთხვევებზე მიუთითებენ". WP-ის მოსაზრებით, მათი სკეპტიციზმი გასულ კვირას გამყარდა, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუში დაგმო რუსთავი 2, როგორც ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, “პროპაგანდისტული მანქანა“.

"პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი კი უფრო შორსაც წავიდა და თქვა, რომ ოპოზიციური პარტია “კრიმინალური ორგანიზაციაა“ და მათ “პოლიტიკაში დარჩენის არანაირი უფლება არ აქვთ“. აგრესიის ამოფრქვევა გასაგები ჩანს NDI-ის მიერ პოლიტიკური განწყობების შესახებ გამოქვეყნებული კვლევის ფონზე. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მმართველი პარტიის მხარდაჭერა 2012 წლის 60%-დან 14 პროცენტამდე დაეცა, არჩევნებისას კი მასსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის თანაბარი კონკურენცია იქნება.

შემაშფოთებელია, რომ ამ კვლევამ აჩვენა, გამოკითხულთა უმრავლესობა იმედგაცრუებულია ყველა პოლიტიკური ძალით, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი საერთოდ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. საქართველო ჯერ კიდევ ინარჩუნებს კონკურენტულ მულტიპარტიულ პოლიტიკური სისტემას, რაც უნიკალურია რეგიონში, სადაც კორუმპირებული ავტოკრატია ნორმას წარმოადგენს.

რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ტელეკომპანია გადაეცემა მთავრობის მოკავშირე ქიბარ ხალვაშს, ქვეყანაში პლურალიზმი განადგურდება. ბატონი ხალვაში, რომელმაც ტელეკომპანია ათ წელზე მეტი ხნის წინ გაყიდა, ცდილობს, სასამართლოს საშუალებით გააუქმოს გარიგება. სამოქალაქო საზოგადოება და მედიაორგანიზაციები გაერთიანდნენ ამ პროცესის წინააღმდეგ, მათი თქმით, ეს “ეჭვქვეშ აყენებს ნებისმიერი განსხვავებული ან კრიტიკული მოსაზრებების არსებობას მედიაში“. გასულ კვირას საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც ივანიშვილისგან დისტანცირდა, განაცხადა, რომ ეს დავა „ემუქრება კონსტიტუციურ წესრიგს“, - წერს Washington Post-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ, საბედნიეროდ, დასავლეთის მთავრობებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ პროცესში მეტად ჩართვა დაიწყეს.

"სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა გასულ კვირას თქვა, რომ “აკვირდებან ნებისმიერ ქმედებას, რომელიც მედიაპლურალიზმისთვის საფრთხის შექმნის შთაბეჭდილებას დატოვებს“. ევროკავშირმა ორშაბათს განცხადება გაავრცელა, რომ ელიან - „კანონის უზენაესობის პრინციპები, სასამართლოს დამოუკიდებლობა და მედიის თავისუფლება პრაქტიკაშია მოყვანილი საქართველოში ამ მნიშვნელოვან დროს“. როგორც ჩანს, თუ რუსთავი 2-ზე ზეწოლა გაგრძელდება, საფრთხე შეექმნება არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიას, არამედ კავშირებს, რომელიც ქვეყანამ დასავლეთის მთავრობებთან და ინტიტუტებთან ააგო", - ნათქვამია Washington Post-ის სარედაქციო წერილში.

კომენტარები