თავდასხმა სომეხთა ეკლესიაზე

თბილისში სომეხთა ეკლესიას 50 კაცი თავს დაესხა და ეკლესიის წევრები სცემა

სომეხთა სამოციქულო ეკლესია
facebook.com/ugulavagigi

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია რომ გუშინ 16:00-ზე სომხურ ეკლესიას 50 ადამიანი თავს ორგანიზებულად დაესხა, რის შედეგადაც სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები.

"2014 წლის 19 ივლისს ქალაქ თბილისის „სურბ ეჯმიაწინ" ეკლესიაზე მოხდა დაგეგმილი თავდასხმა, მოტივირებული ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის ნიშნით. დაახლოებით 16:00 საათზე ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე იყო ორგანიზებული პროვოკაცია. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიიდან გასვლის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, ქალბატონმა დაიწყო უკმაყოფილობის გამოთქმა მღვდელმსახურის მიმართ, რომლის ავტომანქანაც ვითომდა მას ხელს უშლიდა მანევრირებაში. ამ დროს მანქანით მოახლოვდა აგრესიულად განწყობილი ორი მამაკაცი, რომლებმაც გაიყვანეს მანქანა. მღვდელმსახური შევიდა სომეხთა ეპარქიის ადმინისტრაციულ შენობაში, ამ დროს ეზოში იყვნენ ახალგაზრდა დიაკვნები, რომლებმაც მოისმინეს, თუ მამაკაცი როგორ იგინებოდა სომხების მისამართით. აღნიშნული ფაქტის გაპროტესტების შემდეგ, მამაკაცი გამოვიდა მანქანიდან, ამოიღო ხელკეტი, გინების გაგრძელებით, აიღო ქვა და ცდილობდა დაერტყა სომეხთა ეპარქიის წარმომადგენელთათვის. ამ ხმების გაგებაზე ეპარქიის თანამშრომლები გარეთ გავიდნენ, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ამ დროს მამაკაცმა ეპარქიის ერთ თანამშრომელს დაარტყა ზურგში. გაჩაღდა ხანმოკლე ჩხუბი.

აღნიშნული ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათის შემდეგ, ზემოაღნიშნული მამაკაცი, დაახლოებით 50 ადამიანისაგან მობილიზებული მამაკაცთა ჯგუფით, რომელთაგან ზოგიერთი შეიარაღებულები იყო ცივი იარაღით, მიუახლოვდა ეკლესიას და დაიწყო ჩხუბი სასულიერო პირებსა და ეპარქიის თანამშრომლებთან, ამავე დროს აგინებდნენ სომხებს. ამ დროს, ეკლესიაში ნათლობის ცერემონია მიმდინარეობდა, ცერემონიის მონაწილეები ხმის გაგებაზე გავიდნენ ქუჩაში, რის შემდეგაც თავდამსხმელები მათაც დაესხნენ თავს. ნანახით შოკირებული ქალები და ბავშვები მიიმალნენ ეკლესიაში. უნდა აღინიშნოს, რომ მომხდარს თვალს ადევნებდნენ სოლიდურად ჩაცმულ პირთა ჯგუფი. თავდასხმის შედეგად, სასულიერო პირებმა და სომეხთა ეპარქიის თანამშრომლებმა მიიღეს სხეულის დაზიანებები, ერთ მღვდელმსახურს კი ჩამოსწყვიტეს ჯვარი და თან წაიღეს" - ნათქვამია განცხადებაში.

სომხური ეკლესია მოუწოდებს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს სათანადო კვალიფიკაცია მისცენ აღნიშნულ ქმედებებს და გამოიძიონ ისინი, როგორც დანაშაული, რომელიც ჩადენილია ეთნიკური და რელიგიური სიძულვილის საფუძველზე. სომეხთა სამოციქულო ეკლესიის პრესსპიკერმა ტაბულას განუცხადა, რომ შსს-მ ცემის მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც არასწორია.

"გუშინდელი ინციდენტი გარკვეულწილად სომხების წინააღმდეგ ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ტირაჟირებული სიძულვილის შედეგია, ასევე, სამწუხაროდ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი წარმომადგენლისაც. მოვუწოდებთ მასმედიის საშუალებებს, თავი შეიკავონ საზოგადოებაში ანტისომხური განწყობის გავრცელებისაგან, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს იერარქებს მოვუწოდებთ, საჯაროდ დაგმონ ნებისმიერი ქმედება, რომელიც ეფუძნება ეთნიკურ და რელიგიურ სიძულვილს და იქადაგონ ქრისტიანული სიკეთე და სიყვარული.
ჩვენ ვუფრთხილდებით საქართველოს შიდა სტაბილურობასა და მრავალსაუკუნოვან ეთნოსთაშორის და რელიგიათაშორის ურთიერთობებს და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან აიცილოს საქართველოს საზოგადოების ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაყოფა" - ნათქვამია განცხადებაში.

ლევონ ისახანიანმა ტაბულას განუცხადა, რომ არსებობს თავდასხმის ამსახველი ვიდეოკადრები, რომელსაც ეპარქია გაავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, netgazeti.ge-ს დაუდასტურეს, რომ გამოძიება არ მიმდინარეობს ეთნიკური ნიშნით მოტივირებული დანაშაულით, თუმცა: "თუ მსგავსი ბრალეულობა გამოიკვეთა საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება. ეთნიკური ნიშნით მოტივირებულ დანაშაულს ამ ეტაპზე ვამბობთ, რომ ადგილი არ ჰქონია. მიზეზი გახდა არა ეთნიკური დაპირისპირება, არამედ მანქანის დაყენება" - აცხადებენ შსს-ს.

კომენტარები