თავდასხმა სომეხთა ეკლესიაზე

NGO-ები: სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზე ყოველმხრივი გამოძიება ჩატარდეს

TDI
TDI

არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა სომხურ ეკლესიასთან მომხდარ ინციდენტზე ყოველმხრივი გამოძიება აწარმოონ. მათ შორის, გამოიკვლიონ ეთნიკური სიძულვილის გავლენა მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე. მათივე განცხადებით, არმენოფობიური განწყობებისა და 19 ივლისის ინციდენტის შემდეგ შექმნილი დაძაბული სოციალური გარემოს გათვალისწინებით, პოლიციამ უნდა მიიღოს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. ამასთან, არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ როგორც ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზი აჩვენებს, კონფლიქტის მიმდინარეობის დროს, ჩანდა ეთნიკური სიძულვილის კონტექსტი, რაც ძირითადად სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, თუმცა, მათივე თქმით, გამოვლენილი ძალადობის მიზეზებში ეთნიკური შუღლის ან მტრობის მოტივი არ დომინირებდა. როგორც ერთობლივ განცხადებაში წერია, თავდამსხმელთა შორის იყვნენ ეთნიკურად სომეხი წარმოშობის ადამიანებიც.   

"არასამთავრობო ორგანიზაციათა ჯგუფმა ინციდენტის შესწავლის დროს, გამოკითხა დაზარალებული პირები და რამდენიმე თავდამსხმელი. ასევე, შეაფასა ვიდეომასალა, რომელიც კონფლიქტის ამსახველ ეპიზოდებს აღწერს. ინციდენტთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების პირველადი ანალიზი აჩვენებს, რომ კონფლიქტის მიმდინარეობის დროს, ჩანდა ეთნიკური სიძულვილის კონტექსტი, რაც ძირითადად ეთნიკური კუთვნილების გამო, სიტყვიერ შეურაცხყოფაში გამოიხატებოდა, თუმცა, გამოვლენილი ძალადობის მიზეზებში ეთნიკური შუღლის ან მტრობის მოტივი არ დომინირებდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა და მოწმეთა ახსნა-განმარტებები აჩვენებს, რომ კერძო ხასიათის დავა, რომელიც შემდგომში მასშტაბურ აგრესიაში გადაიზარდა, უფრო მეტად ინციდენტში მონაწილე სომხური ეკლესიის ცალკეული წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული, ვიდრე ზოგადად ეკლესიის ან ეთნიკური ჯგუფის მიმართ. აღსანიშნავია, რომ თავდამსხმელთა შორის ასევე იყვნენ ეთნიკურად სომეხი წარმოშობის ადამიანები.   

აღნიშნულის მიუხედავად, არასამთავრობო ორგანიზაციების მანდატისა და რესურსების მასშტაბის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ საქმეზე სიმართლის დადგენის მიზნით, მნიშვნელოვანია, სამართალდამცავმა ორგანოებმა აწარმოონ ყოველმხრივი გამოძიება საქმეზე და მათ შორის გამოიკვლიონ ეთნიკური სიძულვილის გავლენა მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე. საქმეზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საგამოძიებო ორგანოებს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ დროული გამოძიების ჩატარება და მისი შედეგების გასაჯაროება. ამასთან, საზოგადოებაში არმენოფობიური განწყობებისა და 19 ივლისის ინციდენტის შემდეგ შექმნილი დაძაბული სოციალური გარემოს გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია პოლიციამ მიიღოს ეფექტური პრევენციული ღონისძიებები, სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. 

მიგვაჩნია, რომ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არასათანადო სამართლებრივი რეაგირების პრაქტიკა, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ ბოლო პერიოდში რელიგიური უმცირესობების მიმართ გამოვლენილი ძალადობრივი შემთხვევების დროს გამოჩნდა, საზოგადოებაში შეუმწყნარებლური განწყობებისა და დამოკიდებულებების გაზრდას უწყობს ხელს და მომავალში მან შესაძლოა რელიგიური და ეთნიკური ხასიათის კონფლიქტების რისკები გააჩინოს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ პროცესში, სახელმწიფომ გაიაზროს საკუთარი როლი და ადეკვატური სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებითა და ტოლერანტობისა და თანასწორობის მხარდამჭერი ოფიციალური განცხადებებით აჩვენოს მისი მზადყოფნა დემოკრატიული, უსაფრთხო და შემწყნარებლური პოლიტიკური გარემოს უზრუნველყოფისთვის. ამ მხრივ, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოს არმენოფობიური განწყობების დაძლევასა და მისგან მომდინარე რისკების პრევენციას", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI); ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); მედიის განვითარების ფონდი (MDF); საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI); კონსტიტუციის 42-ე მუხლი; იდენტობა; საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI); აღმოსავლეთ პარტნიორობის უმცირესობათა ქსელი ICICC.

სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის განცხადებით, 19 ივლისს, 16:00-ზე სომხურ ეკლესიას 50 ადამიანი თავს ორგანიზებულად დაესხა, რის შედეგადაც სომხური ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს ფიზიკური დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება არ მიმდინარეობს ეთნიკური ნიშნით მოტივირებული დანაშაულით, თუმცა: "თუ მსგავსი ბრალეულობა გამოიკვეთა, საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება".

კომენტარები