ბრაზილია 2014

FIFA-მ მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულის პრეტენდენტები დაასახელა

მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის მებრძოლ ფეხბურთელთა სია ცნობილია.

არგენტინელებს, ანხელ დი მარიას, ხავიერ მასკერანოს და ლიონელ მესის აქვთ შანსი მუნდიალის საუკეთესო მოთამაშე გახდნენ და შესაბამისად ოქროს ბურთი მოიპოვონ.

მატს ჰუმელსი, ტონი კროოსი, ფილიპ ლამი და ტომას მიულერი წარმოადგენენ გერმანიას. თითო-თითო წარმომადგენელი ჰყავთ ჰოლანდიას და კოლუმბიას - არიენ რობენი და ჯეიმს როდრიგესი.

FIFA-მ ასევე დაასახელა მუნდიალის საუკეთესო მეკარის წოდების პრეტენდენტები. უამრავი გულშემატკივარის მოლოდინი არ გამართლდა და სიაში ვერ მოხვდა ვერც მექსიკელი გილერმო ოჩოა და ვერც ამერიკელი ტიმ ჰოვარდი, რომლებმაც ჩემპიონატი სოლიდურად ჩაატარეს.

კოსტა რიკელი კეილორ ნავასი, გერმანელი მანუელ ნოიერი და არგენტინელი სერხიო რომერო - აქედან ერთ-ერთი მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე გახდება.

ამავე დროს, ჰოლანდიელი მემფის დეპაი და ფრანგები პოლ პოგბა და რაფაელ ვარანი, ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელობის პრეტენდენტები არიან.

თითოეული ნომინაციის გამარჯვებული ფინალური მატჩის შემდეგ დასახელდება.

კომენტარები