ისრაელში საომარი მოქმედებები მეოთხე დღეა, გრძელდება. ოფიციალური პალესტინის ცნობით, ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა. დაშავებულია 500-ზე მეტი პალესტინელი. ისრაელმა ჯამში ასობით შეტევა განახორციელა, რათა შეეჩერებინა ღაზიდან დაჯგუფება ჰამასის სარაკეტო თავდასხმები. ჰამასი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტს დაბომბავს.
აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ისრაელის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა და კრიზისის გადასაჭრელად დახმარება შესთავაზა. თეთრი სახლის განცხადებით, ამერიკა მზადაა, ხელი შეუწყოს მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტას და დააბრუნოს ძალაში 2012 წლის ნოემბრის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ასევე მოუწოდეს მხარეებს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ.
პრემიერმინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ კი, ცეცხლის შეწყვეტას არ აპირებს. მისი თქმით, ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ ისრაელზე სარაკეტო თავდასხმები არ შეწყდება. ოფიციალური თელ-ავივის განცხადებით, ტერორისტების ხელში არსებული რაკეტები საფრთხეს უქმნიან ისრაელის 3,5 მილიონ მოსახლეს. ჰამასის სამხედრო ფრთა კი ამბობდა, რომ ახლა ყველა ისრაელელი სამიზნეშია. პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი კი, შექმნილ ვითარებას პალესტინელთა გენოციდს უწოდებს.
ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზი, მისი სამხრეთ რეგიონების დაბომბვა გახდა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.
კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მკვლელობით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალესტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.




