გიგი უგულავას საქმე

მშვიდობის ხიდზე უგულავას მხარდამჭერი აქცია "წერილი გიგის" გაიმართება

"წერილი გიგის" - ამ სახელწოდებით ხვალ, 5 საათზე მშვიდობის ხიდზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის უფროსის გიგი უგულავას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

აქციაზე მისულ ადამიანებს შეეძლებათ წინასწარ პატიმრობაში მყოფ თბილისის ყოფილ მერს წერილი მისწერონ, რომელსაც სპეციალურ ურნაში ჩაყრიან.

მშვიდობის ხიდზე გიგი უგულავას მერობის პერიოდში რეაბილიტირებული თბილისის ფოტოებიც გამოიფინება.

აქცია საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით იმართება, რომელშიც მსახიობები, მომღერლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შედიან.

გიგი უგულავა 3 ივლისს თბილისის აეროპორტში, კიევში გამგზავრების წინ დააკავეს. აღკვეთის ღონისძიების სახით მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. თბილისის ყოფილი მერის ადვოკატებმა მოსამართლე გიორგი გოგინაშვილის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს და აღკვეთის ღონისძიების შეცვლა მოითხოვეს, თუმცა, მეორე ინსტანციის სასამართლომ გიგი უგულავას საჩივარი დაუშვებლად ცნო.

კომენტარები