საქართველო-უკრაინა

წულუკიანი: უკრაინელებს ხელს შევუწყობთ, ჩვენი გამოცდილებით სწარაფად იარონ წინ

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით, "სამინისტრო ყველა ძალისხმევას განახორციელებს, რათა უკრაინისთვის გამოცდილების გაზიარება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ფარგლებში მოხდეს და არა სხვაგვარად". აღნიშნული წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და უკრაინის იუსტიციის და ინფრასტრუქტურის მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ თქვა.

"ჩვენ შევთანმხდით, რომ იმ ძალიან დიდი მეგობრობის და პარტნიორობის ფარგლებში, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს, ჩვენს ქვეყნებს, ახლა უკვე ჩვენს მთავრობებს, იუსტიციის სამინისტრო ყველა ძალისხმევას განახორციელებს, რათა რეფორმების გაზიარება მოხდეს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ფარგლებში და არა - სხვაგვარად. ამისათვის, მე მივიღე პრემიერისგან დავალება, რომ ჩავიდე უკრაინაში იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, რომ იმ დიდ გამოწვევებში, რომელიც დღეს ჩემს კოლეგას და ზოგადად, უკრაინელ ხალხს აქვთ, ჩვენ ხელი შევუწყოთ, რომ ჩვენი გამოცდილებით უფრო სწარაფად იარონ წინ", - თქვა წულუკიანმა.

წულუკიანის თქმით, ქართველი მხარე უკრაინას ხელს შეუწყობს იმაშიც, რომ შეცდომები, რაც საქართველოს წინა ან თუნდაც დღევანდელ მთავრობას შეიძლება, ჰქონოდა რეფორმის პროცესში, არ დაუშვან და "მხოლოდ პოზიტივი წაიღონ ჩვენგან".

"არის სრული მზაობა მთავრობებს შორის ურთიერთობებისთვის, რასაც უკრაინული მხარე დიდი სიხარულით შეხვდა", - თქვა წულუკიანმა.

კომენტარები