გიგი უგულავას საქმე

პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვს

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, პროკურატურა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიებად გირაოს შეფარდებას მოითხოვს.

ამის შესახებ შოთაძემ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა და აღნიშნა, რომ პროკურატურა ამ საკითხზე სასამართლოს დღეს, 1 ივლისს მიმართავს. თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში ტაბულას დაუდასტურეს, რომ გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურიდან სასამართლოში განცხადება უკვე შევიდა. თუმცა, პროკურატურის შუამდგომრობის განხილვის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას ბრალი გუშინ წაუყენა. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვას ედავებიან. საქმე სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ეხება. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მთავრობას წინასაარჩევნო მორატორიუმის დარღვევაში ადანაშაულებს. ქართული ოცნების პრესპიკერის განცხადებით კი, მორატორიუმი მხოლოდ დაკავებებსა და სასამართლო პროცესებზე ვრცელდებოდა. ამასთან, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრესსამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის განმარტებით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფომაცია, რომ გიგი უგულავა ქვეყნის დატოვებას საგამოძიებო უწყებების და სასამართლოს გაუფრთხილებლად აპირებდა. თუმცა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ადვოკატის ბექა ბასილაიას განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ვალდებული არ იყო, ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავებისთვის და სასამართლოსთვის მიეწოდებინა, რადგან მას აღკვეთის ღონისძიებად გირაო აქვს შეფარდებული". თუმცა, როგორც ადვოკატმა ტაბულას უთხრა, ამის მიუხედავად,  გიგი უგულავა უცხოეთში გამგზავრების წინ სამართალდამცველებსა და სასამართლოს ინფორმაციას თავისი ნებით აწვდიდა და ახლაც მიაწოდა. 

ამის გარდა, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე, გიგი უგულავას უკვე შეფარდებული აქვს აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო 50 000 ლარის ოდენობით. 

კომენტარები