გიგი უგულავას საქმე

სითი პარკი: ვმოქმედებთ ტენდერითა და ხელშეკრულებით გაწერილი პირობებით

სითი პარკის განცხადებით,  კომპანიამ მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით შედგენილ და გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში. სითი პარკი აღნიშნავს, რომ კომპანია მოქმედებს საერთაშორისო ტენდერითა და შემდგომი ხელშეკრულებით გაწერილი პირობებით.

"კერძოდ, პირობების მიხედვით თანხა თბილისის მერიასა და კომპანია „სი-ტი პარკს“ შორის ნაწილდება 60%-40% პროპორციით. გვსურს აღვნიშნოთ, რომ ყოველი გადახდილი ჯარიმა ირიცხება სახელმწიფო ხაზინაში, რის შემდეგაც ეს თანხა ტრანსფერდება თბილისის ადგილობრივ ბიუჯეტში და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხის 40% პროცენტი, ირიცხება კომპანიის ანგარიშზე, ხოლო 60% კი რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში. კომპანია სრულად ფარავს ქალაქში პარკირების რეგულირებასთან დაკავშირებულ ხარჯებს. კერძოდ, მიღებული 40%-დან ხდება გადასახადების გადახდა, პარკირების მოწესრიგება და ხელფასების გაცემა. ამასთანავე, სხვადასხვა პოლიტიკოსების მიერ ვრცელდება პარკირების თანხებთან დაკავშირებული სხვადასხვა კალკულაციები. კომპანია „სი-ტი პარკი“ აღნიშნავს, რომ მითითებული ციფრები არათუ არ შეესაბამება რეალობას, არამედ კავშირშიც კი არ არის მასთან და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ქალაქ თბილისში პარკირებასთან დაკავშირებული ყველა გადახდა ხორციელდება ელექტრონულად, რაც უზრუნველყოფს მის სრულ გამჭვირვალობას“, - აცხადებს კომპანია.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვის ბრალდებით თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახური უგულავას სიტი პარკსა და თბილისის მერიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ედავება. საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის გიორგი გრძელიშვილის განცხადებით, გიგი უგულავამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სიტი პარკს მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი განკარგვით ზემოაღნიშნულ კომპანიას შემოსავალი ხელოვნურად გაუზარდა.

კომენტარები