ასოცირების ხელშეკრულება

პრემიერი: ლავროვის განცხადებაში განსაკუთრებული არაფერია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ჟურნალისტის შეკითხვაზე თუ რას ფიქრობს ოპოზიციის მხრიდან კრიტიკაზე, რაც რუსეთის როლის შეფასებას შეეხება, მან განაცხადა, რომ ეს  კრიტიკა გადაჭარბებული და პროვოკაციულია. 

"ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ანალიზს და მე არ ვიცი თქვენ რომელი ოპოზიციის და რომელი ოპონენტების დასკვნებს ეფუძნებით მაგრამ მე მიმაჩნია, რომ სწორი ხედვა გვაქვს და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რას ვაკეთებთ, და ძალიან კარგად ვიცით რა გზით მივდივართ და რა მიმართულებით მიგვყავს ქვეყანა. რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მიმაჩნია, რომ უფრო ხშირად თქვენი შეფასებები და ოპოზიციის შეფასებები, მე არ მინდა მათზე ვისაუბრო ამ მნიშვნელოვან დღეს მათზე, არის ძალიან გადაჭარბებული და არის პროვოკაციული. ჩვენ საჭიროა, რომ ანალიზი გავუკეთოთ განვითარებულ მოვლენებს, ჩვენ უნიკალური შესაძლებლობა გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე. არავის მივცემთ უფლებას არც ქვეყნის შიგნით დ არც მის ფარგლებს გარეთ, რომ ეს შანსი ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს და რაიმე სახის პროვოკაცია წამოიწყოს",- განაცხადა პრემიერმა. 

პრემიერის თქმით საქართველომ მიიღო პირობა რუსეთისგან, რომ ის არ ჩაერეოდა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესში. 

"ჩვენ მოვისმინეთ, რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ერთგვარი დაპირება, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა საქარველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პროცესში და ეს პირობა მათ შეასრულეს. ეს არის მხოლოდ მისასალმებელი, ჩვენ არაერთი კონსტრუქციული, თანმხვედრი ნაბიჯი დავინახეთ რუსეთის ხელისუფლებისგან და მე მხოლოდ მივესალმები მათ კონსტრუქციული, თანმხვედრ ნაბიჯებს. ასე რომ მე მინდა გთხოვოთ ყველას, რომ ფორმულირება  ამ სახით არ უნდა მოვახდინოთ და არ უნდა დავსვათ საკითხი ისე,  რომ ერთი მეორეს სანაცვლოდ, პირიქით ჩვენ ვახერხებთ იმას რომ ორივეს თანაბრად შევინარჩუნებთ და მართლაც შევქმნით უნიკალურ პრეზენდენტს მსოფლიოში, რომ საქართველო რომელიც იქნება მშვიდობიანი, მშვიდი და სტაბილური, და პროგნოზირებადი, მოახერხებს ევროკავშირისკენ წინსვლას და ევროპის ბაზარზე ინტეგრაციას და ამავდროულად ექნება აბსოლუტურად დაბალანსებული და მეგობრული ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთან", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. 

პრემიერმა ასევე ისაუბრა ლავროვის განცხადების შესახებ, რომლის მიხედვითაც თუ აღნიშნული ასოცირების ხელშეკრულება რუსეთს დააზიანებს, კრემლი საჭირო ზომებს მიიღებ. პრემიერმა აღნიშნა, რომ ამაში "განსაკუთრებული არაფერია"

"მე მიმაჩნია, რომ ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის. ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ უახლოეს პერიოდში მოხდეს ტექნიკური ჯგუფების შეხვედრა, რუს კოლეგებთან, მოხდება სამუშაო ჯგუფების შეხვედრა და ჩვენ გავივლით ყველა იმ პირობას და ეფექტებს, რამაც შეიძლება, რაიმე ფორმით გავლენა იქონიოს ჩვენს ურთიერობებეზე, მაგრამ მე არ ველოდები, განსაკუთრებით ნეგატიურ ცვლილებებს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით მოსახლეობა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რათა ყველა სამოქმედო გეგმა შესრულებულ იქნას. 

„დღეიდან 24 საათიან მუშაობას ვიწყებთ. ჩვენი ხელისუფლება, მთლიანად მთავრობა არის მოტივირებული, რომ სამოქმედო გეგმა, ყველა ვალდებულება, რაც გვეკისრება დღეიდან, პირნათლად შევასრულოთ და ჩვენი ქვეყნის თითოეული დარგის მოდერნიზება მოვახდინიოთ. ევროპა ჩვენთვის ძლიერი სახელმწიფო, თავისუფალი მოქალაქეებით დასახლებული სახელმწიფოა. ბედნიერი ვარ, რომ ამ პროცესის თანამონაწილე გავხდით. ის მნიშვნელოვანი ნაწილი კი, რომელსაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰქვია, არის უნიკალური საშუალება, რომ ჩვენმა ფერმერებმა შექმნან პროდუქცია და გაიტანონ ევროკავშირის ბაზარზე“, - დასძინა პრემიერმა. 

კომენტარები