NATO-საქართველოს ურთიერთობა

პრემიერი: MAP-ი იქნება თუ მასზე უკეთესი, NATO-ს წევრ ქვეყნებზეა დამოკიდებული

Irakli Garibashvili official/Facebook.com

"მთავარია, რომ NATO-ს სამიტზე ჩვენი პროგრესი ადეკვატურად შეფასდეს და დაფასდეს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის კმაყოფილია იმ პროგრესით, რომელსაც საქართველომ მიაღწია.

"ჩვენი მთავრობისთვის მთავარია, რომ ეს პროგრესი ადეკვატურად შეაფასონ და დააფასონ NATO-ს წევრმა ქვეყნებმა. ჩვენ გვაქვს დაპირება, რომ ეს პროგრესი შეფასდება ყველა იმ ფაქტორისა და გამოწვევის გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ წინაშეა", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის აზრით, წინასწარი მოლოდინების გაჩენა არასწორია და საქართველოს მთავრობა არ არის ამაზე ორიენტირებული.

"ჩვენი მთავარი ამოცანა არის ის, რომ სტაბილური განვითარება გავაგრძელოთ უმტკივნეულოდ, ყოველგვარი დანაკარგების გარეშე და მშვიდად. იქნება ეს MAP-ი და თუ მასზე უკეთესი, ყველაფერი დამოკიდებულია NATO-ს წევრი ქვეყნების საბოლოო გადაწყვეტილებაზე, რომელიც ცნობილი ძალიან მალე გახდება, ჯერ ყველაფერი წინ არის. ასე რომ, ჯობია, დაველოდოთ", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ დღეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება გააფორმა.

კომენტარები