კრიმინალი

შსს-მ მაჟორიტარობის კანდიდატის ავტომანქანის გაქურდვის ფაქტზე სამი პირი დააკავა

ნუგზარ ჯინჭარაძე/facebook.com

შსს-ს ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების თანამშრომლებმა პოლიტიკური პარტია რეფორმატორების ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატ ნუგზარ ჯინჭარაძის ავტომობილის გაქურდვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კონსტანტინე ს, 1989 წელს დაბადებული იური ხ. და 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი გ. აიყვანეს.

შსს-ს განცხადებით, დაკავებულებმა 15 ივნისს, ბათუმში, ასათიანის ქუჩაზე, ნუგზარ ჯინჭარაძის კუთვნილი ავტომანქანა „ფოლკსვაგენის“ ოთხივე საბურავი მოხსნეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. გამოძიებით დადგინდა, რომ იური ხ-მ ნაქურდალი საბურავები იმავე მარკის საკუთარ ავტომანქანაზე დააყენა. სამართალდამცველებმა სამივე პირი ბათუმში, მომხდარიდან ორ დღეში დააკავეს. მოპარული საბურავები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით).

კომენტარები