CDD: სპეცუბნებზე სიებთან დაკავშირებით პრობლემები დაფიქსირდა

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის (CDD) ინფორმაციით, სპეცუბნებზე ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებით პრობლემები დაფიქსირდა. როგორც ორგანიზაციამ მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ნაძალადევის ოლქის N 96–ე უბანზე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ უბნისათვის მიწოდებულ სიაში არ აღმოჩნდა 20 ამომრჩეველი, რომლის შესახებ ინფორმაცია ხანდაზმულთა პანსიონატის ადმინისტრაციამ დროულად მიაწოდა. ასევე, ბათუმის N 105 ამომრჩეველლთა სიაში დაფიქსირდა ორი ამომომრჩეველი, რომელმაც უკვე დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება. 

"გარდა ამისა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ სპეც. უბნებზე (ქუთაისის N128, ბათუმის N 105, გლდანის N 110) განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრის დამკვირვებლებს შეექმნათ უბანზე დაშვების დროს დაბრკოლება, თუმცა ცესკოს ჩარევის შედეგად აღნიშნული პრობლემები მალევე მოგვარდა" - აცხადებს CDD და აღნიშნავს, რომ 12:00 საათისათვის, დაფიქსირებულია პროცედურული ხასიათის დარღვევები, მათ შორის: საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება: ბიულეტენების წინასწარი გამზადება, საკონტროლო ფურცლის ხარვეზებით შევსება). 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი აკვირდება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მიმდინარეობას საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში 150 კაციანი სადამკვირვებლო მისიით. CDD აკვირდება წინასაარჩევნო, კენჭისყრის დღის (უბნის გახსნა, კენჭისყრის პროცესი და უბნის დახურვა) და არჩევნების შემდგომი პერიოდის მიმდინარეობას. მისია ფარავს გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ საარჩევნო უბნებს.

მთლიანობაში 20 სპეცუბანია შექმნილი. აქედან 9 თავდაცვის სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, 8 - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, 2  - შინაგან საქმეთა სამინისტროში და 1 - ხანდაზმულთა პანსიონატში.

კომენტარები