უწყებათაშორისი კომისია პარტიებს: დაგმეთ საარჩევნო ადმინისტრაციაზე ძალადობა

იუსტიციის სამინისტრო

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისია არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ პარტიებსა და საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ და არ დაუშვან თავიანთი წევრების ან მხარდამჭერების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა. კომისიის წევრები პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო ადმინისტრაციაზე ძალადობის დაგმობისაკენ მოუწოდებენ.

მეორე რეკომენდაციის მიხედვით კი, უწყებათაშორისი კომისიის წევრები პოლიტიკურ პარტიებს, მათ მხარდამჭერებსა და საარჩევნო პროცესში ჩართულ სუბიექტებს მოუწოდებენ, პოლიტიკურ კონტექსტში ეთნიკურ კუთვნილებაზე ყოველგვარი მინიშნება გამორიცხონ.

„ჩვენ, კომისიის ყველა წევრი, ვგმობთ, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკური კამპანიის პირობებში და პოლიტიკურ პროცესში მუდმივად აპელირებს მოქალაქეთა ეთნიკურ კუთვნილებაზე; ცდილობს, რომ ეთნიკური უმრავლესობა თუ უმცირესობა გამოიყენოს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, თავი შეიკავონ პოლიტიკური საქმიანობისას მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დაყოფისაგან, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი“, − განაცხადა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, კომისიის წევრებმა დღვანდელ სხდომაზე განიხილეს ყველა ის განცხადება და საარჩევნო დარღვევა, რომლებიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა უწყებათაშორისი კომისიის სამდივნოს მიაწოდეს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებმა კომისიის წევრებს მიაწოდეს ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გატარდა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით და რა კეთდება მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით.

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა 2014 წლის 13 ივნისს გაიმართება.

ცნობისთვის, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გუშინ საღამოს განკარგულებით, ნაციონალური მოძრაობის მარნეულის გამგებლობის კანდიდატი აკმამედ იმამკულიევი რეგისტრაციიდან მოიხსნა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერები მარნეულში ჩავიდნენ, სადაც საოლქო კომისიის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ამის გამო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თავის განცხადებაში შეშფოთება გამოხატა და აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა „გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედებას" ცდილობდა. ამასთან, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს მოუწოდა, მარნეულში გუშინ მომხდარი ფაქტის გამოძიება პირადად გააკონტროლონ.

კომენტარები