კრიზისი უკრაინაში

უკრაინელი სამხედროები ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიურ სტადიაზე გადავიდნენ

AFP

აღმოსავლეთ უკრაინაში ქალაქ სლავიანსკთან ძალოვნებმა ტერორისტების პოზიციების შტურმი დაიწყეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ძალოვნები ანტიტერორისტული ოპერაციის აქტიურ სტადიაზე გადავიდნენ. მან ადგილობრივ მცხოვრებლებს მოუწოდა, სახლებში დარჩნენ და ტერორისტების პოზიციებს არ მიუახლოვდნენ. ოპერაციაში არტილერია და ავიაცია მონაწილეობს.

მანამდე სეპარატისტები სამხედროების კოლონას დაესხნენ თავს, რის შედეგადაც ერთი სამხედრო დაიღუპა და 13 დაშავდა.

სეპარატისტები სამხედროების წინააღმდეგ საარტილერიო დანადგარს და ყუმბარმტყორცნებს იყენებენ.

უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ალექსანდრ ტურჩინოვის განცხადებით, ძალოვნებმა ლუგანსკის მახლობლად სასაზღვრო ნაწილზე შეტევა წარმატებით მოიგერიეს. ასევე განადგურებულია ტერორისტთა ბაზა ქალაქ სევეროდონეცკთან. ტურჩონოვის თქმით, დაწყებულია აქტიური მოქმედებები ქალაქ დონეცკის სეპარატისტებისგან გასათავისუფლებლად.

სეპარატისტთა მტკიცებით, გუშინდელი აფეთქება ლუგანსკის საოლქო ადმინისტრაციის შენობაში სამთავრობო ძალების ავიაიერიშის შედეგია. აფეთქების შედეგად, სხვადასხვა წყაროს მონაცემებით, 2-დან 5 ადამიანამდე დაიღუპა. უკრაინელი სამხედროების განცხადებით კი, აფეთქება სეპარატისტების დაუდევრობის შედეგია. შესაძლოა, შენობას ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა, რომელიც ტერორისტებმა უკრაინული მოიერიშე თვითმფრინავის მისამართით გაისროლეს.

კომენტარები