ღარიბაშვილი: ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაში ახალი ეტაპი იწყება

"ჩვენ მზად ვართ, წარმატებით განვახორციელოთ ჩვენი ევროინტეგრაციის პრიორიტეტები, რათა ევროკავშირთან ერთად ავაშენოთ საერთო მომავალი ევროპულ ოჯახში", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან, უკრაინის პრემიერმინისტრ არსენი იაცენიუკსა და მოლდოვის პრემიერმინისტრ იური ლეანკასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ წარმატებით გაატარა რეფორმები და საქართველოს ევროპული არჩევანი ქართველი ხალხისა და უმთავრესი პოლიტიკური ძალების ევროპისაკენ სწრაფვითაა განპირობებული. მისი თქმით, აღმოსავლეთ პარტნიორობამ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა თვისობრივად ახალ საფეხურზე აიყვანა. 

”ჩვენ წარმატებით გავატარეთ რეფორმები და მოვახდინეთ ჩვენი საზოგადოების ევროპული ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოდერნიზება. ჩვენ განუხრელად მივუყვებით ევროინტეგრაციის კურსს, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ქვაკუთხედია. მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი განპირობებულია საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მხარდაჭერით და ყველა ძირითადი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერით”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, ქვეყანა ხელს მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, რომელიც საქართველოს ევროპეიზაციის ერთგვარ სამოქმედო გეგმას წარმოადგენს.

”ეს არის ერთგვარი სამოქმედო გეგმა, როგორ უნდა მოხდეს ჩვენი ქვეყნის მოდერნიზება და ყველა სფეროს მოდერნიზება. ასევე ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოებით საქართველო მიაღწევს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას. ასევე მინდა აღვნიშნო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომელიც ქმნის ძალიან დიდ პერსპექტივას ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთავარია, ეს შეთანხმება ჩვენს საერთო ღირებულებებს ეფუძნება. საქართველო, როგორც ევროპული სახელმწიფო და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველო ევროპული სახელმწიფოა, ერთგულად განაგრძობს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, თანასწორობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემის დამტკიცებას”, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით სარგებლობის პერსპექტივასაც და რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის აუცილებლობაზეც ისაუბრა. ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის მეზობლებთან ურთიერთობა კონსტრუქციულია.

”ჩვენი საერთო მიზნების წარმატება დამოკიდებულია რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის არსებობაზე. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში მიღწეული პროგრესის კვალდაკვალ, ჩვენ ადეკვატურად უნდა ვუპასუხოთ რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა ბოლო ორი წლის განმავლობაში, რომ ჩვენ ვართ აბსოლუტურად კონსტრუქციული, პროგნოზირებადი მთავრობა. ჩვენ გვაქვს კონსტრუქციული დიალოგის პოლიტიკა ჩვენს მეზობლებთან და არამხოლოდ მათთან. ჩვენ ვახდენთ იდეალური ბალანსის დამყარებას.

ჩვენ ასევე ვიზიარებთ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას კონტინენტზე და მის მიღმა მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე. ამ კონტექსტში მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩაერთოს ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები