საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შვეიცარიაში მიმდინარე ელიტრაუნდის მეორე შეხვედრაში, კვიპროსის გუნდი გაანადგურა.
მასპინძლებისთვის ანგარიშით - 0:2 მოგების შემდეგ, ამჯერად ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა კვიპროსელი თანატოლები აბსოლუტურად ყველა სათამაშო კომპონენტში დაჯაბნეს და დიდი ანგარიშით - 5:1 დაამარცხეს.
პირველ ნახევარში ერთბაშად ოთხი გოლი გავიდა. თავი ჯერ მათე ცინცაძემ, შემდეგ კი კაკაბაძემ გამოიჩინა, რომელმაც შემდგომში დუბლიც გაიფორმა. ძალიან აქტიური იყო ლუკა ზარანდია, რომელმაც მომენტები მრავლად შექმნა და მესამე გოლის ავტორიც გახდა. კვიპროსელებმა მატჩის პირველ ტაიმში ერთი გოლის გატანა შეძლეს, თუმცა საკუთარ კარში.
მეორე ნახევარი ასევე ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ანგარიშიდან გამომდინარე, მაისურაძე ფეხბურთელებს შიგადაშიგ ძალების დაზოგვისკენ მოუწოდებდა. ამის მიუხედავად, ზემოთ ხსენებულმა კიკაბიძემ მეორე გოლი მაინც გაიტანა და კვიპროსელები მხოლოდ პრესტიჟის გოლით დაკმაყოფილდნენ, რომელიც თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან პანაიოტუმ გაიტანა.
ამრიგად, ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს. მეორეზეა ისრაელი, რომელმაც შვეიცარიას ანგარიშით - 1:0 სძლია.
ჯგუფის გადამწყვეტი შეხვედრა 30 მაისს გაიმართება. ქართველ ფეხბურთელებს ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ხელს ფრეც აძლევთ, ისრაელს კი აუცილებლად გამარჯვება ესაჭიროება.