U19 ელიტრაუნდი 2014

ქართველმა 19-წლამდელებმა ელიტრაუნდი შვეიცარიის ძლევით დაიწყეს

gff.ge

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ელიტრაუნდი გამარჯვებით დაიწყო. ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა ლოზანაში, შვეიცარიელი თანატოლები ანგარიშით - 0:2 დაამარცხეს.

მასპინძელთა დამრიგებლის, ჟერარ კასტელას მატჩისწინა ვარაუდი, რომ საქართველო ჯგუფის ფავორიტი იქნებოდა, გამართლდა. ქართველი 19-წლამდელები მთლიანი შეხვედრის განმავლობაში დომინირებდნენ და საბოლოოდ დამსახურებული სამი ქულა მოიპოვეს.

ანგარიში 21-ე წუთზე დარციმელიამ ზუსტი დარტყმით თევზაძის გადაცემის შემდეგ გახსნა. ამის შემდეგ, ქართველებს კიდევ რამდენჯერმე ჰქონდათ გოლის გატანის საშუალება, მაგრამ 86-ე წუთამდე ამის გაკეთება ვერ შეძლეს.

იქამდე შეხვედრის მთავარმა არბიტრმა, მასპინძლებს კერძევაძის წაქცევისთვის მეკარე გაუძევა და იქედან გამომდინარე, რომ სამივე შეცვლა გამოყენებული ჰქონდათ, შვეიცარიელთა კარში ნახევარმცველი დადგა.

ამის შემდეგ მცირე ხანში, გიორგი პაპუნაშვილმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, მეტოქის კარისკენ დაიძრა და საჯარიმოს სიახლოვიდან ზუსტად დაარტყა - 0:2.

ამ გამარჯვების წყალობით, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ისრაელის მსგავსად, რომელმაც გუშინ კვიპროსს ანგარიშით 4:0 სძლია, სამი ქულა აქვს.

ქართველი ფეხბურთელები მორიგ მატჩს 27 მაისს კვიპროსის წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები