წინასაარჩევნო გარემო

ქართულმა ოცნებამ რუსთავის საარჩევნო შტაბის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საარჩევნო ბლოკმა ქართულმა ოცნებამ რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით სხირტლაძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. კოალიციის განცხადებით, შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან 24 მაისს რუსთავში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარი ინციდენტის გამო გაათავისუფლეს.

"საარჩევნო ბლოკი ქართული ოცნება ერთგულია მშვიდ და თავისუფალ გარემოში წინაარჩევნო კამპანიის ჩატარების პრინციპისა. ჩვენ ვემიჯნებით ყოველგვარ არეულობასა და ძალადობას, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ასეთი შემთხვევები გამოწვეულია პოლიტიკური ოპონენტების პროვოკაციული ქმედებებით. სწორედ ამიტომ, 24 მაისს რუსთავში ქართული ოცნებისა და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საარჩევნო ბლოკმა რუსთავის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სამწუხაროდ, ოპონენტების პროვოკაციული ქმედებები მიზნად ისახავს წინასაარჩევნო გარემოს გაუარესებას. ჩვენს მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ მოვუწოდებთ, რათა ხელი შეუწყონ წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში წარმართვას. ასევე მოვუწოდებთ ოპონენტებსაც, თავი შეიკავონ დესტრუქციული გამოხტომებისგან, ჩადგნენ პოლიტიკური ბრძოლის კონსტრუქციულ რეჟიმში და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში მიიღონ ის შედეგი, რასაც ქართველი ხალხისგან იმსახურებენ", - აცხადებს ქართული ოცნება.

ცნობისთვის, რუსთავში ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება იმ დროს მოხდა, როდესაც ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მერობის კანდიდატს მამუკა ჩიქოვანს ბრიფინგი უნდა გაემართა და შეჩერებულ პროექტებზე ესაუბრა.

კომენტარები