ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

ბურჯანაძემ გორის მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

ნინო ბურჯანაძე
democrats.ge

კოალიციამ "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიცია" გორის მოსახლეობას მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა.

ბურჯანაძემ გორის მერობის კანდიდატად მამუკა ნოზაძე დაასახელა. ხაშურის რაიონის გამგებლობის კანდიდატია შალვა ციცქიშვილი, კასპის - ვახტანგ გუგულაშვილი, ხოლო ბორჯომის - ავთანდილ გონგლაძე. კოალიციის მხრიდან გორის მაჟორიტარობის კანდიდატებად წარმოდგენილნი არიან: ალექსანდრე დოლუაშვილი, გივი ახალბედაშვილი, ზურაბ როსებაშვილი, დავით მამიჯანაშვილი და რამაზ ჩუტკერაშვილი.

"აქ გორში, რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით, ჩვენს მიწაწყალზე გავლებულია მავთულხლართები. ამ მავთულხლართების აღება არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ შეუძლია საქართველოში ჩვენ გარდა. მე ვპირდები მოსახლეობას, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემთხვევაში, ჩვენ ავიღებთ მავთულხლართებს. ვპირდები გორის მოსახლეობას, რომ ჩვენ უზრუნველვყოფთ სტაბილურ ბაზარს და ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. ჩვენ მოვაწესრიგებთ გორის რაიონს, მოვაწესრიგებთ ქვეყანას. ამისათვის სამივე ბიულეტენში უნდა შემოხაზოთ ნომერი 3 და მხარი დაუჭიროთ ჩვენს კოალიციას", - თქვა შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები