4 ოქტომბრის საქმე

4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო კიდევ 1 პირს, ზაქრო ალბუთაშვილს გაუფორმდება

IPN

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულებიდან საპროცესო შეთანხმება კიდევ ერთ პირს, ზაქრო ალბუთაშვილს გაუფორმდება. ამის შესახებ საქმის პროკურორმა, როინ ხინთიბიძემ განაცხადა. 

"ზაქრო ალბუთაშვილმა საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მოგვმართა. მან განცხადებაში მიუთითა, რომ ჩადენილ დანაშაულს სრულად აღიარებს, მტკიცებულებათა შინაარსს ეთანხმება და უდავოდ ხდის.

მხოლოდ ტექნიკური დეტალებია დარჩენილი და საპროცესო ჩვენს შორის აუცილებლად გაფორმდება. პირობები იგივეა, რაც სხვა ბრალდებულებთან - 3-წლიანი პირობითი მსჯავრი". - ამბობს პროკურორი.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში 4 ოქტომბრის საქმეზე საპროცესო შეთანხმებით 22 პირი გათავისუფლდა. 


2025 წლის 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ. ორ საათში პაატა ბურჭულაძემ, როგორც თავად უწოდა, "ეროვნული კრების დეკლარაცია" წაიკითხა და თქვა, რომ "ამიერიდან ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს". ამის შემდეგ მოქალაქეებს მურთაზ ზოდელავამ მიმართა და მოუწოდა, ათონელის რეზიდენციისკენ წასულიყვნენ - " მხოლოდ და მხოლოდ მამაკაცური ძალა… რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელისუფლებო ცენტრების დაბრუნება". მოქალაქეთა ნაწილმა ორბელიანების სასახლის ეზოში ჯებირები მოარღვია - გდდ-მ მომიტინგეთა წინააღმდეგ სპეცსაშუალებები გამოიყენა და ათონელის სასახლის ეზო დაატოვებინა.

კომენტარები