რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: არავის წინააღმდეგ არ ვაფორმებთ ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვერთიანდებით და არავის წინააღმდეგ არ ვდებთ ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირთან". ფანჯიკიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებას უპასუხა, რომელმაც თქვა, რომ საქართველომ უნდა გააცნობიეროს, თუ რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის თვალსაზრისით. 

"როგორც ევროკავშირის ქვეყნებს აქვთ სავაჭრო ურთიერთობები მთელ მსოფლიოსთან, ასევე მოახერხებს საქართველო, წარმოუდგენელია, ეს იყოს ცუდი ვინმესთვის, მათ შორის რუსეთისთვის. ჩვენ არავის წინააღმდეგ არ ვერთიანდებით და არავის წინააღმდეგ არ ვდებთ ამ ხელშეკრულებას ევროკავშირთან. ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო კარგი, დემოკრატიული, აყვავებული და უფრო საინტერესო ნებისმიერი მეზობლისთვის, რომ ჰქონდეს ჩვენთან ურთიერთობა" - აღნიშნა ფანჯიკიძემ.

ალექსანდრ ლუკაშევიჩის თქმით, „ბოლო პერიოდში რუსეთმა დაიკავა მესამე ადგილი საქართველოს სავაჭრო ბრუნვაში. ეს რაღაცაზე მეტყველებს. ყველა სახელმწიფომ უნდა გათვალოს რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან ურთიერთობის შედეგები და დაფიქრდეს იმაზე, თუ რა ზომები შეიძლება მიიღონ სხვა ქვეყნებმა, რომლებსაც მათთან ორმხრივი შეთანხმებები აკავშირებთ“.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი შეშფოთებულა საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებთ საქართველოში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებასთან დაკავშირებთ.

„ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ნებისმიერ ფასად მიისწრაფვის NATO-ში გასაწევრიანებლად. ისინი მოქმედებენ სრულ პოლიტიკურ ვაკუუმში ისე, რომ არ ფიქრობენ, რომ ამან, შესაძლოა, სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებას ზარალი მიაყენოს. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადება, რომელიც მან ვაშინგტონში გააკეთა საქართველოში NATO-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ლუკაშევიჩმა.

კომენტარები