აღზრდა

Ready, Steady, Go!

ჩვენს დროში სიტყვათშეთანხმება „უდარდელი ბავშვობა" ცოტა უადგილოდ იქცა. ბავშვის დღის გრაფიკს მშობელი აკონტროლებს, ყველაფერი წინასწარაა დაგეგმილი. თავისუფალი დრო არ არსებობს, თუ არსებობს, ხშირ შემთხვევაში, ისიც მშობლის ხელთაა. ბავშვის აღზრდა იმდენად ინდივიდუალური საკითხია, რომ კონკრეტული წესები და რჩევები აქ გამოუსადეგარია ხოლმე, აბსურდულიც კი. მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა არსებობდეს რაღაც სფერო, რომლის ფარგლებშიც ბავშვს მშობლებმა თავისუფლება უნდა მისცენ. ფსიქოლოგები ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ეს სფერო აუცილებელია ბავშვის სრულფასოვანი ჩამოყალიბებისთვის, ფიზიკური, სოციალური და ფსიქიკური განვითარებისთვის.

ეს ასე თუ ისე ყველამ იცის. მით უმეტეს, მშობლებმა. მაგრამ რა ვუყოთ იმას, რომ ეს სფერო თავის თავში იმ საფრთხეებსაც მოიცავს, მშობლებს რომ ეშინიათ, მაგრამ ბავშვისთვის რომ აუცილებელი და მიმზიდველია? ბავშვისთვის მთავარი ამოცანა გარემოს გაცნობა და მასთან ადაპტირებაა. ამისთვის მას სჭირდება დამოუკიდებელი, ახალი აღმოჩენები, შეგრძნებები, თავგადასავალი, რისკი, საფრთხეც. რაღაც ეტაპზე, როდესაც იგი სახლის გარემოს შეისწავლის, მშობელს ბავშვი სახლის გარეთ, სათამაშო მოედანზე გაჰყავს. ახლა უკვე სათამაშო მოედანი ხდება ის ადგილი, სადაც ბავშვი თავისუფალი დროის დიდ ნაწილს ატარებს. ერთი შეხედვით, ესაა უბრალოდ გასართობი ადგილი ბავშვისთვის, სადაც იგი მოზღვავებულ ენერგიას ხარჯავს, მაგრამ სინამდვილეში სათამაშო მოედანი ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობის ადგილია, რადგან, რაღაც აზრით, ბავშვს გარე სამყაროზე პირველ შთაბეჭდილებებს უქმნის.

შეგვიძლია გავისეირნოთ თბილისის ქუჩებში, შევიხედოთ შიდა ეზოებში, სადაც, როგორც წესი, ასეთი მოედნებია მოწყობილი. მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე და ყველა ეზოში ერთნაირ სურათს დავინახავთ: აუცილებლად არის რამდენიმე საქანელა, პატარა სასრიალო, ხანდახან დიდიც და აიწონა-დაიწონა. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დღევანდელი თბილისის სათამაშო მოედნების ტრადიციული აღჭურვილობა. და არამარტო თბილისის. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში იმავე სურათს ვაწყდებით. ეს, ერთი შეხედვით, მარტივად მოწყობილი სათამაშო მოედნები, სინამდვილეში საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით არის შექმნილი და ისევ და ისევ მშობლის ინტერესებს ემსახურება: მთავარი აქაც უსაფრთხოებაა. ბავშვი ასეთი ტიპის მოედნებიდან ნაკლებად თუ იღებს რაიმე ახალს. მოედანი არ უკმაყოფილებს მას ცნობისმოყვარეობას. თუ მაგალითად სოციალური, ფიზიკური ან ფსიქიკური პროცესების განვითარების კუთხით შევხედავთ, ალბათ ერთადერთი კომპონენტი, რომელზეც რაღაც გავლენას ახდენს ასეთი მოედანი, ფიზიკური კომპონენტია, ოღონდ ბავშვს ფიზიკურად კი არ ავითარებს, უბრალოდ ღლის.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ წარმოდგენას უქმნის ტრადიციული სათამაშო მოედანი ბავშვს გარესამყაროზე. ჩემი აზრით, ასეთი მოედნები მშობლებს არა მარტო უსაფრთხოების გამო მოსწონთ, არამედ სახლის გარემოსთან მსგავსების გამოც, იმ აზრით, რომ მოედანი დეტერმინირებულია. აქ ყველაფერი განსაზღვრულია. არ მოხდება არაფერი ისეთი, რაც მშობელს ააფორიაქებს ან ბავშვზე შთაბეჭდილებას მოახდენს. ეს არ არის სივრცე, სადაც ბავშვი დამოუკიდებლად იმოქმედებს ან რაიმეს შექმნის. ამ ყველაფრის შანსი კიდევ უფრო მცირდება თუ გავითვალისწინებთ, რომ მშობელი თამაშის პერიოდში მუდმივად აკვირდება ბავშვს და შეცდომის დაშვების უფლებასაც არ აძლევს.

მშობლების მხრიდან მუდმივი დაკვირვება ბავშვში ისეთ შეგრძნებას ავითარებს, თითქოს მას ყოველთვის გააკონტროლებენ. იგი ამ უსაფრთხო სფეროში იმდენად ექცევა, რომ დროთა განმავლობაში, უმარტივესი გადაწყვეტილებების მიღების დროსაც კი, მშობლის რეაქციის მიხედვით მოქმედებს. ზოგადად, ადამიანისთვის რთულია, იყოს საკუთარი თავი, როდესაც აანალიზებს, რომ მას აკვირდებიან. ასეა ბავშვის შემთხვევაშიც. მუდმივი კონტროლისას იგი ვერ შეძლებს ის საფუძველი ჩადოს საკუთარ თავში, რაც შემდეგ მისი პიროვნების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობს. გარდა ამისა, ბავშვისთვის რისკი აუცილებელია. ამ გარემოში კი არ არსებობს რისკი, არ არსებობს თავგადასავალი, მოკლედ, არ არსებობს არაფერი, რაც გაკვირვების ელემენტს ატარებს.

ამ გავრცელებული სათამაშო მოედნების აბსოლუტურ წინააღმდეგობას წარმოადგენს სათავგადასავლო მოედნები, მაგალითად, ისეთი, როგორიცაა უელსში მდებარე "The Land". პირველად ასეთი მოედნის აუცილებლობის იდეა ბავშვთა უფლებების დამცველსა და ლანდშაფტის არქიტექტორს, მარჯორი ალენს მოუვიდა. ალენს უნდოდა ბავშვებისთვის სათამაშოდ თავისუფალი ატმოსფერო შეექმნა, რაც შეიძლება ნაკლები დამკვირვებლით. უელსის სათამაშო მოედანიც ალენის იდეის მიხედვით შეიქმნა. ესაა თავისუფალი ექსპერიმენტული სივრცე, ბუნებასთან ახლოს. შექმნილია სათამაშო მოედნების სტანდარტული უსაფრთხოების ნორმების სრული უგულებელყოფით. აქ განსხვავებული ატმოსფეროა. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლის წინ შეიქმნა, შეხედვისას გეგონება, რომ ასეთ მოედანს 50 წლის წინაც თავისუფლად შეეძლო ეარსება. ამ მოედანზე ყრია მანქანის ბორბლები და ძველი, დაჟანგული მილები, გაკეთებულია ხის ფიცრულები, ძველი ვაგონები, საცალფეხო ბილიკები, დამტვრეული ხიდები. გაფუჭებული ველოსიპედები. ხის ღობეები კი გრაფიტითაა მოხატული.

აქ ყველაფერი ისეა მოწყობილი, რომ შეგიძლია გადააადგილო, სივრცე მთლიანად შეცვალო და ეს ყველაზე მთავარია, რადგან განსაზღვრულობის და კონტროლის შეგრძნებას აქრობს. აქ არავინ გამოიძახებს პოლიციას, თუ ბავშვები ცეცხლს დაანთებენ. მათ შეუძლიათ ითამაშონ წვიმაშიც, თოვლშიც, ტალახშიც. ააშენონ, დაანგრიონ, დაიმალონ. რა თქმა უნდა, მოედანს ჰყავს ზედამხედველი, მაგრამ თუ აუცილებელი არაა, ბავშვების თამაშში არ ერევა.

ესაა ყველაზე რადიკალური პროტესტი აღზრდის დამკვიდრებული სისტემის მიმართ. ამ მოედანზე ფასი არ აქვს უსაფრთხოებას, სისუფთავეს. აქ მთავარი შთაბეჭდილება და რისკია. ალბათ ბევრი მშობელი იტყვის, რომ ეს სისულელე და უპასუხისმგებლობაა იმიტომ, რომ ბავშვები ამ სივრცეში დაცულები არ არიან. მშობლების ასეთი რეაქციის მიზეზი რისკის ცნების არასწორი გაგებაა. ისინი რისკში ხშირად საფრთხეს მოიაზრებენ. ბავშვისთვის აუცილებელი სულაც არაა რეალურ საფრთხეში ჩაიგდოს თავი, რათა გამოცდილება მიიღოს. მისთვის მთავარია საფრთხის შეგრძნება განიცადოს.

თითქოს უელსის სათამაშო მოედნის მოდელი ბავშვისთვის უფრი კარგია, ვიდრე ის ტიპური, ტრადიციული მოედნები, რომლებსაც მთელ მსოფლიოში ვხვდებით. ყოველ შემთხვევაში, ალბათ ასე იფიქრებს ყველა ის მშობელი, რომელიც ცდილობს ბავშვს თავისუფალი და ბუნებრივი გარემო შეუქმნას. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არც უელსის მოდელია განსაკუთრებულად თავისუფალი. მისმა შემქმნელებმა იმდენი იზრუნეს იმისთვის, რომ ბუნებრივი გაეხადათ ეს სივრცე, რომ, ჩემი აზრით, არაბუნებრივი გამოუვიდათ. კიდევ ერთი მინუსი ისაა, რომ ბავშვს არ უწევს იმაზე ფიქრი, რა შეცვალოს, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, თუ როგორ შეცვალოს. მზად ეძლევა ის მასალა, რომელზეც გავლენა შეუძლია მოახდინოს და კიდევ: როგორ პასიურადაც უნდა იყოს ჩართული დამკვირვებელი, ყველამ იცის, რომ ის არსებობს და კონტროლის შეგრძნება არც აქ ქრება.

როგორც უნდა შევცვალოთ სათამაშო მოედნები, იქნება ეს რადიკალური ტიპის თუ რაღაც კომბინირებული მოედნები, ნამდვილი კულტურული ძვრა ალბათ მშობლების მხარეს უნდა მოხდეს, მოედნების შეცვლით დიდი არაფერი მიიღწევა. მშობლების შიში, იქნება ეს საფრთხის თუ შეცდომის, დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე, რომელთაც მშობლების განცდები საკუთარ თავზე გადააქვთ. მშობლებმა უნდა გამიჯნონ ერთმანეთისგან, თუ რას ნიშნავს მნიშვნელოვანი საფრთხეების აცილება, ყველა პრობლემის შვილის ნაცვლად გადაწყვეტა და იმ ილუზიის შექმნა, თითქოს ამით მას ეხმარები. მუდმივი შიშის, ზრუნვის და დაძაბულობის პირობებში, მალე ის სათამაშო მოედნებიც კი დაცარიელდება, რაც ახლა გვაქვს და ყველანი ვირტუალურ სამყაროში გადავინაცვლებთ. ასე უფრო უსაფრთხო იქნება.

კომენტარები