აღზრდა

როგორ გავზარდოთ გენიოსი

იშვიათად შეხვდებით ადამიანს, რომელსაც არ სურს, მისი უკვე დაბადებული ან ჯერ არშობილი შვილი მომავალში საუკეთესო იყოს, ბაგა-ბაღიდან – უმაღლეს სასწავლებლამდე. საბოლოოდ, ყველას არ „უმართლებს” – გენიოსები არც ისე ხშირად იბადებიან. თუმცა, უმჯობესი იქნება, თუ საკუთარი შვილის მომავალს მხოლოდ „ბუნებას” ან გენებს არ მივანდობთ. შესაბამისი დარგის სპეციალისტები გვეუბნებიან, რომ ბავშვის გამჭრიახი გონება, სწავლის კარგი უნარი და წარმატება, დიდწილად სწორედ აღზრდაზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, შვილის ინტელექტი მშობლების ხელშია.

მეცნიერებს საერთო მოსაზრება არ აქვთ იმის შესახებ, თუ რა როლი მიუძღვის ადამიანის ინტელექტის განვითარებაში გენეტიკას და რა – გარემოსა და აღზრდას. თუმცა, ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ინტელექტის კოეფიციენტი (IQ) სტატიკური მოცემულობა არ არის და გარკვეული გარემოებების მიხედვით იცვლება. მაგალითად, როგორც ლონდონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაასკვნეს, მოზარდის ინტელექტის კოეფიციენტი, მცირე დროში, შესაძლოა, მთელი 20 ნიშნულით ამაღლდეს ან დაეცეს. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამის მიზეზი სწავლა და მიღებული გამოცდილებაა. ის, ვინც ტვინს გამუდმებით „ამუშავებს”, შესაბამის შედეგსაც იღებს. ვინც ამაზე უარს ამბობს, პასუხს ინტელექტის კოეფიციენტის ვარდნით აგებს.

ასეა თუ ისე, უმჯობესია, სასურველი შედეგის მისაღებად, შვილის გონებრივ განვითარებაზე ფიქრი ადრეული პერიოდიდანვე დავიწყოთ. ყველა მშობელს აქვს აღზრდის საკუთარი მეთოდი. თუმცა, ემპირიულ მონაცემებზე დამყარებული რამდენიმე რჩევა უინტერესო არ იქნება. მაშ ასე, როგორ მოვიქცეთ, რომ ჩვენი შვილები ჭკვიანები გაიზარდონ? დავიწყოთ თავიდან:

კარგი იქნება, თუ ბავშვის გაჩენას ხანგრძლივი დროით არ გადადებთ – როგორც ცნობილია, დედის ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება რისკი, რომ პატარა ნევროლოგიური დარღვევებით დაიბადოს. ავსტრიული და ამერიკული უნივერსიტეტების ერთობლივმა კვლევამ დაადგინა, რომ ბავშვის მომავალ განვითარებაზე „პასუხისმგებელი” მამის ასაკიცაა. ამ კვლევის მიხედვით, ბავშვები, რომელთა მამა მათი ჩასახვის მომენტში 20 წლის იყო, ინტელექტის კოეფიციენტის ტესტებში 3-დან 6 ქულამდე უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე ორჯერ უფროსი მამის პატრონები.

ბავშვის სიცოცხლე ჩანასახოვანი მდგომარეობიდან იწყება, ამიტომ მისი მომავალი განვითარებისთვის ორსულობის დროს დედის ცხოვრების წესი მეტად მნიშვნელოვანია. ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებული კვლევის შედეგი გვაჩვენებს: ბავშვები, რომელთა დედა ორსულობის პერიოდში კოკაინს მოიხმარს, ხუთჯერ მეტი ალბათობით, განუვითარებელნი იბადებიან. მათი 14%-ის ინტელექტის კოეფიციენტი კი 70 ქულაზე ქვემოთაა, რაც არც ისე სახარბიელო შედეგია – მეტიც, გონებრივ ჩამორჩენილობაზე მიუთითებს.

ჩვილობის პერიოდში, საუკეთესო, რაც დედას ბავშვის მომავალი განვითარებისთვის შეუძლია გააკეთოს, მისი ბუნებრივი კვებაა. გარდა ადამიანის რძის სასარგებლო თვისებებისა, მნიშვნელოვანია ფიზიკური კავშირი და სოციალური ურთიერთობა, რომელიც ძუძუთი კვების პროცესში პატარას დედასთან აქვს და შემეცნებითი უნარების განვითარებაში ეხმარება. მაგალითად, ავსტრალიაში ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც აშშ-ის პედიატრთა ასოციაციის რეკომენდაციების წყაროდაც იქცა, გვიჩვენა: 10 წლამდე ბავშვები, რომლებსაც, თავის დროზე, 6 თვე მაინც კვებავდნენ ძუძუთი, წერისა და კითხვის ტესტებში საშუალოდ 18 ქულით უკეთეს შედეგს აჩვენებენ, ვიდრე დანარჩენები. სხვა კვლევების მტკიცებით, 6 წლამდე ბავშვები, რომლებსაც დედები ინტენსიურად კვებავდნენ ძუძუთი, IQ ტესტებში საშუალოდ 5-ით მეტ ქულას აგროვებენ.

ბავშვის წამოზრდასთან ერთად, მნიშვნელოვანია გარემო, სადაც ის იზრდება. ეს უკანასკნელი კი, როგორც წესი, ტექნოლოგიებით სავსეა. მშობლები ხშირად მიმართავენ დასახმარებლად ტელევიზორს: ბავშვის ჭამისას, მისგან გარკვეული დროით „გასათავისუფლებლად” და ა.შ. ხშირად, პატარების საძინებელშიც ტელეეკრანი ციმციმებს. შესაბამისად, 2 წლამდე ბავშვების დიდ ნაწილს უკვე შეუძლია მისი დამოუკიდებლად ჩართვა, ცოტათი უფროსებს კი – კომპიუტერის მაუსის დანიშნულებისამებრ გამოყენება. თავისთავად, ეს ცუდი არ არის – შვილებისთვის მეტად ორგანულია ცოდნა ტექნოლოგიების შესახებ, ვიდრე მშობლებისთვის. მაგრამ მედიკოსები ფრთხილად ყოფნას გვირჩევენ.

ის ბავშვები, რომლებსაც ტელევიზორი საკუთარ ოთახში უდგათ, ნაკლებ დროს უთმობენ ფიზიკურ აქტივობას, აკადემიური და სოციალური გამოცდილებაც ნაკლები აქვთ. ხშირად რაღაც გადაცემის თანხლებითაც იძინებენ – მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ასე მშობლები შვილს ძილთან დაკავშირებული პრობლემებისთვის წირავენ. გარდა ამისა, ბავშვის შემეცნების პროცესისთვის აუცილებელია საუბარი, რომელიც მის ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული. ეს მნიშვნელოვანია ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებისთვის. ტელევიზორი პატარა მაყურებლის ამ ძვირფას დროს იკავებს და შემეცნებით უნარებს ასუსტებს – ის არ არის მორგებული პატარების ინიციატივებსა და სურვილებზე.

ამრიგად, ტელევიზორთან დროის გატარებას, სჯობს, ბავშვმა უცხო ენებსა და მუსიკაში იმეცადინოს: მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მათი შესწავლა ინტელექტის დონესაც ამაღლებს.

მშობლებს ისედაც აქვთ განსაკუთრებული „მიდრეკილება”, შვილები მუსიკალურ სასწავლებლებში ატარონ – უკვე ზრდასრული ადამიანები კი ხშირად ჩივიან, რომ ბავშვობაში დრო დაკარგეს იმის შესწავლაზე, რაც შემდგომში არაფრად გამოადგათ. თუმცა, საქმე ასე მარტივად არ არის: მუსიკის ინტელექტზე გავლენას, დიდი ხანია, იკვლევენ. საუბარია არა ე.წ. „მოცარტის ეფექტზე”, არამედ ხანგრძლივ, ხშირ შემთხვევაში, დამღლელ მეცადინეობაზე. კვლევების უმეტესობა მიუთითებს, რომ არსებობს კავშირი ამ უკანასკნელსა და ბავშვის ინტელექტს შორის. მაგალითად, ბოსტონში მცხოვრები 10 წლამდე ბავშვების მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მუსიკალურ უნარებს, ზეპირ უნარებსა და IQ-ს შორის გარკვეული კავშირია. ბავშვებმა, რომლებიც ფორტეპიანოზე ან რომელიმე სიმებიან საკრავზე უკრავენ, 15%-ით უკეთესი შედეგი აჩვენეს ვერბალურ უნარებში, ვიდრე მათ, ვინც არც ერთ ინსტრუმენტზე არ უკრავს. ხოლო მათ, ვინც, სულ ცოტა, 3 წელი მეცადინეობდნენ მუსიკალურ საკრავზე, უფრო მაღალი შედეგები ჰქონდათ არავერბალური მსჯელობის მხრივაც. სხვა კვლევები უფრო შორსაც მიდის: მუსიკალურ ინსტრუმენტზე მეცადინეობა მომავალში ტვინის დაბერების პროცესსაც ანელებს.

დაბოლოს, მიეცით შვილს მაგალითი – ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ბავშვები უფრო მეტს ჩვენი საქციელიდან სწავლობენ და არა ჩვენი ლაპარაკიდან. სკოლაში კარგად სწავლას არა მხოლოდ თანდაყოლილი ნიჭი, არამედ მუშაობის ეთიკაც სჭირდება.

პატარები, რომელთა მშობლებს კითხვა უყვართ, ხშირად ხედავენ დედ-მამის წიგნებთან ურთიერთობას და უყალიბდებათ განცდა, რომ ეს სასიამოვნო პროცესია. საბოლოოდ, მშობლების წიგნებთან დამოკიდებულება ბავშვის დამოკიდებულებას სწავლისადმი დიდწილად განსაზღვრავს. ეს დაადასტურა აშშ-ში 2007 წელს ჩატარებულმა კვლევამაც, რომელიც 27 ქვეყნიდან 70 ათას შემთხვევას მოიცავდა. ნევადისა და კალიფორნიის მკვლევართა დასკვნით, ბავშვი, რომლის სახლშიც 500 და მეტი წიგნია, 36%-ით მეტი ალბათობით ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს და 19%-ით მეტით – კოლეჯს, ვიდრე ისინი, ვის სახლშიც ცოტა საკითხავი ლიტერატურაა.

ბავშვის გონებრივ მონაცემებზე სხვა არაერთი ფაქტორიც მოქმედებს. მათ შორის მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობა, ნორმალური წონა, საბავშვო ბაღში სიარული.

ბუნებრივია, ვერავინ მოგცემთ გარანტიას, რომ თქვენი შვილი გენიოსი გაიზრდება. მაგრამ, სწორი მიდგომები ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, მომავალში ამ პროცესში მშობლების მიერ ჩადებულ მატერიალურ თუ არამატერიალურ ინვესტიციებს გაამართლებს.

კომენტარები