NDI-ის კვლევა

კობახიძე: ვერ დავიჯერებ, რომ ივანიშვილი და ბაქრაძე ერთნაირად მოსწონთ

"ამ ციფრების არ მჯერა, მე ნამდვილად ვერ დავიჯერებ, რომ დღეს დავით ბაქრაძეს და ბიძინა ივანიშვილს პროცენტულად მხარდამჭერთა ერთნაირი რაოდენობა ჰყავს. ეს ასე ნამდვილად არ არის" - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ NDI-ის კვლევის შეფასებისას, რომლის მიხედვითაც, ყოფილი პრემიერი და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გამოკითხულთა 51-51%-ს მოსწონს.

"ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია. შეიძლება, ეს ცდომილება აბსოლუტურად მექანიკურია, შეიძლება, კვლევებში არის მეთოდიკა, რომელიც ასეთ მოცემულობას გვაძლევს.. მე არ მინდა, პირდაპირ დავადანაშაულო ის ადამიანი, რომელიც ხელმძღვანელობს ამ ორგანიზაციას, რომ ის არის დაინტერესებული და არ ვამბობ, რომ მან გააყალბა რამე.. ეს ძალიან ისეთი ბრალდებაა.. მაგრამ არ ვენდობი და არამარტო მე არ ვენდობი, არამედ, ვიცი საზოგადოების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებაც, რომელიც სულაც არ არის პოლიტიკოსი, მაგრამ ზოგჯერ იუმორითაც უყურებს ამ რიცხვებს" - განაცხადა პარლამენტის ვიცესპიკერმა "მაესტროს ცხრიანში".

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის აპრილის კვლევის მიხედვით, ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილისადმი კეთილგანწყობის რეიტინგი 23%-ით შემცირდა. ივანიშვილი გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს, 24%-ს არ მოსწონს, ხოლო 20%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბერში, ყოფილი პრემიერი კვლევაში მონაწილეთა 74%-ს მოსწონდა.

ბიძინა ივანიშვილის მსგავსი კეთილგანწყობის რეიტინგი აქვს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს დავით ბაქრაძეს. ის გამოკითხულთა 51%-ს მოსწონს. ამასთან, წინა კვლევასთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა ბაქრაძისადმი კეთილგანწყობილთა რიცხვი.

კომენტარები