NDI-ის კვლევა

კობახიძე: ცოტა გამიკვირდა, რომ ირაკლი ალასანია პრემიერზე მეტად მოსწონთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, ცოტა გაუკვირდა, რომ პრემიერმინისტრზე მაღალი მოწონების რეიტინგი ირაკლი ალასანიას აქვს. როგორც კობახიძემ "მაესტროს ცხრიანში" თქვა, თითიდან გამოწოვილი იქნება აჟიოტაჟის შექმნა იმაზე, თუ რატომ მოსწონთ თავდაცვის მინისტრი უფრო, ვიდრე პრემიერმინისტრი.

"ცოტა გამიკვირდა. მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად, მუდმივად ასეა. წინა კვლევებშიც საკმაოდ მაღალი რეიტინგი აქვს ირაკლი ალასანიას, მაგრამ რატომ ხდება, რომ ამ შემთხვევაში მისი რეიტინგი ცოტათი წინ არის, ვიდრე ღარიბაშვილის, ვერ გეტყვით. თუმცა, ეს არანაირ პრობლემას არ გააჩენს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომენტი არავითარი განსჯის საგანი არ გახდება. ჩვენი პასუხია, რომ ჩვენ არ ვეკიდებით ამ ციფრებს, ჩვენ არ აღვიქვამთ ამ ციფრებს რაღაც სერიოზულ ბარომეტრად, რომელსაც უნდა დავეყრდნოთ. იმიტომ, რომ ბევრჯერ შემცდარა NDI ამ ციფრებში. მთავარია, რას იტყვის ამომრჩეველი, მთავარია, რა შედეგს დავდებთ არჩევნებში. არ ვიცი, ეს იყო მეთოდიკის შეცდომა, მიზანმიმართული ქმედება, ვიღაცის დაკვეთა, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ორგანიზაცია ძალიან შეცდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე. ჩვენ ერთმანეთს ამ პროცენტების გამო არ დავუპირისპირდებით, არც უარყოფითი ემოციები წამოვა, ეს არის აბსოლუტურად თთითიდან გამოწოვილი თემა, რომ აჟიოტაჟი შეიქმნას", - განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ ყველა მინისტრი არის გუნდის წევრი და თითოეულის რეიტინგი ძალიან მნიშვნელოვანია.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ირაკლი ალასანიას, დავით სერგეენკოს, ყველა მინისტრის და, რა თქმა უნდა, პრემიერმინისტრის რეიტინგი. ვიღაცას ექნება ცოტა მეტი, ვიღაცას ექნება ცოტა ნაკლები", - თქვა პარლამენტის ვიცესპიკერმა.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ჩატარებული კვლევის მიხედვით, პატრიარქის შემდეგ, ყველაზე მეტად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მოსწონთ (67%). მას მოჰყვება საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი - მისდამი კეთილგანწყობილი NDI-ს გამოკითხულთა 64%-ია.

აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ნოემბერში ირაკლი ალასანია 5%-ით მეტს, NDI-ის გამოკითხულთა 72%-ს მოსწონდა, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი 7%-ით მეტს - 71%-ს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 26 მარტიდან 18 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით 3942 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (SIDA) აფინანსებს და CRRC საქართველო ატარებს.

კომენტარები