კრიზისი უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული შეტაკება მოხდა

20 აპრილს, დილას, პირველ საათზე, ქალაქ სლავიანსკში, აღმოსავლეთ უკრაინაში, შეიარაღებულ შეტაკებას ჰქონდა ადგილი.

ადგილობრივი პრორუსი აქტივისტთა ლიდერის, ვიაჩესლავ პონომარევის თქმით, შეტაკებისას სამი პრორუსი აქტივისტი და ერთი შეიარაღებული თავდამსხმელი დაიღუპა. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს თქმით კი, მხოლოდ ერთი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა.

აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ადასტურებენ შეიარაღებული შეტაკების ფაქტს, თუმცა აღნიშნავენ, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს არავითარი ოპერაცია სლავიანსკში 19 – 20 აპრილს დაგეგმილი არ ჰქონია.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საყურადღებოა ის ფაქტი, თუ როგორი სისწრაფით მოხდა რუსული საინფორმაციო საშუალებების მობილიზება სლავაინსკში შეტაკების ადგილას და რომ ეს სიტუაცია შეკვეთილი სიუჟეტის ხასიათს ატარებდა.

უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ტერორისტების მიერ ოკუპირებულ სლავიანსკში უკრაინის შინაგანი ძალები სიტუაციას არ აკონტროლებენ.

განცხადების ბოლოს, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს უკრაინის ყველა მოქალაქეს, ჩააბარონ არარეგისტრირებული იარაღი.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე იარაღს ჩააბარებს მას შეეხება ამნისტია და არ დაეკისრება სამართლებრივი პასუხისმგებლობა - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გაავრცელა განცხადება და უკიდურესი აღშფოთება გამოთქვა აღნიშნულთან დაკავშირებით. რუსული მხარე შეიარაღებულ შეტაკებას პროვოცირებულს უწოდებს და დაღუპული ორი მოქალაქის სიკვდილზე პასუხისმგებლობას უკრაინულ მემარჯვენე დაჯგუფებას, მარჯვენა სექტორი, აკისრებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ოფიციალურ კიევს სიტუაციის დეესკალაციის მიზნით დაემორჩილონ ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას, მოახდინონ არაკანონიერად შეიარღებული დაჯგუფებების განიარაღება და გაათავისუფლონ ოკუპირებული ადმინისტრაციული შენობები.

შეიარაღებულ შეტაკებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარები