ჩვენ ვირჩევთ ევროპას

აქციაში - "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" კახა კუკავაც ჩაერთო

timer.ge

არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ აქცია-კონცერტს "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" თავისუფალი საქართველოს ლიდერი კახა კუკავაც უერთდება. კუკავამ ტაბულასთან საუბარში დაადასტურა, რომ აქციის ფარგლებში, არასამთავრობოები ევროპის მხარდამჭერ მის ვიდეომიმართვას ნამდვილად გაავრცელებენ. კუკავა, რომელიც ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა და წინასაარჩევნოდ მისი პარტიის სლოგანი იყო - არა NATO-ს, ამბობს, რომ ის ევროპული ორიენტაციისაა. თავისუფალი საქართველოს ლიდერი აღნიშნავს, რომ ევროპული ორიენტაცია არ ნიშნავს NATO-ში გაწევრიანებას. 

"ვიდეორგოლს რომ ნახავთ, არ გაგიჩნდებათ კითხვები", - ამბობს კუკავა.

სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, კახა კუკავამ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად გამოთქვა სურვილი, თავისი აზრი დაეფიქსირებინა ევროპული არჩევანის მიმართ ვიდეომიმართვაში.

"ყველა მსურველს ვწერთ. ეს მისი პოლიტიკური არჩევანია, წარსული განცხადებების და საქმიანობის განკითხვა არ არის ამ შემთხვევაში ჩვენი მიზანი, საზოგადოებამ თვითონ შეაფასოს ვინ ვინ არის. ამ კრიტერიუმებით რომ დავიწყოთ პოლიტიკოსების გამორჩევა, არა მგონია ის, ვინც ახლა ყველაზე ხმამაღლა ყვირის, ევროპული დემოკრატიის სტანდარტებს იცავდა რამდენიმე წლის წინ. ასევე, გვსურს ხაზი გავუსვათ, რომ ამ აქციას არანაირი საერთო არა აქვს პარალელურად დაორგანიზებულ პარტიულ აქციასთან. და ბოლოს, ვინც დღეს ევროპული მოედნის აქციის დისკრედიტაციას ეწევა, ის ხელს უშლის ისედაც დაყოფილი საზოგადოების კონსოლიდაციას ამ იდეის გარშემო. ჩვენ გვიხარია, რომ უამრავი საზოგადო მოღვაწე, სპორტსმენი, მომღერალი სრულიად მოხალისეობრივად, უყოყმანოდ დაგვიდგა იდეის გარშემო გვერდით, ყველას გთავაზობთ, ვინც საქართველის ევროპულ არჩევანს იზიარებთ, გავერთიანდეთ, ნუ დავიყოფით", - აცხადებს ლომჯარია და აღნიშნავს, რომ 13 აპრილს დაგეგმილ აქცია-კონცერტზე ხალხს მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ხელმძღვანელი ლაშა ტუღუში და ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი მიმართავენ. 

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა კვირას, 13 აპრილს, 18:00 საათზე, ევროპის მოედანზე (რიყე) აწყობს საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ სამოქალაქო აქცია-კონცერტს „ჩვენ ვირჩევთ ევროპას!“. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ მუსიკოსები და ჯგუფები.

"ყველას, ვინც იზიარებთ საქართველოს ევროპულ არჩევანს და გსურთ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, გელოდებით 13 აპრილს ევროპის მოედანზე. ეს არის ის საკითხი, რომელზეც საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთი პოზიცია უნდა ჰქონდეს. მოგიწოდებთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური მრწამსისა, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო", - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციები (სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო) ავრცელებენ ევროპის მხარდამჭერ ვიდეომიმართვებს, რომლებშიც უფლებადამცველები, ჟურნალისტები, მუსიკოსები და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა სახეები მონაწილეობენ. მათ შორის იქნება თავისუფალი საქართველოს ლიდერიც კახა კუკავა, რომელიც ცნობილია ანტიდასავლური განცხადებებით და რომლის წინასაარჩევნო სლოგანიც იყო - არა NATO-ს.

"მოვახდენთ უცხოელების მიერ მიტაცებული ტყეების და საძოვრების ნაციონალიზაციას, მიწას დავუბრუნებთ ქართველ გლეხს; ქართულ პროდუქციას რუსულ ბაზარზე დავაბრუნებთ და შევამცირებთ იმპორტს თურქეთიდან და ჩინეთიდან; ინგლისურ წარწერებს და თურქულ დროშებს ქართულით შევცვლით; ავკრძალავთ ჰომოსექსუალიზმის და სექტების ზღვარგადასულ პროპაგანდას", - ასეთი იყო კახა კუკავას პარტიის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი. 

კომენტარები