ჩვენ ვირჩევთ ევროპას

"ჩვენ ვირჩევთ ევროპას" ორგანიზატორები "არა კოლაბორაციონიზმს" აპროტესტებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები საერთაშორისო გამჭვირვალობა და სამართლიანი არჩევნები 13 აპრილს ჩატარებული აქციის - "ჩვენ ვირჩევთ ევროპა" პარალელურად, პოლიტიკოსთა აქტივობას აპროტესტებენ. დღევანდელ პრესკონფერენციაზე ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ განაცხადეს, რომ მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაა აქცია - "არა კოლაბორაციონიზმს", რომელიც მთავრობის კანცელარიასთან საზოგადოება ივერიის ორგანიზებით ჩატარდა.

"ჩვენი ჩავატარეთ კვირას აქცია, სახელწოდებით "ჩვენ ვირჩევთ ევროპას", გვინდა ყველა იმ ადამიანს უთხრათ მადლობა, რომელიც ამ აქციაზე მოვიდა. საქართველოს ბევრმა მოქალაქემ დააფიქსირა თავისი პოზიცია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. თუმცა ამ აქციის პარალელურად იყო გარკვეული პრობლემები. ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა ცდილობს, აღნიშნული თემა ჰქონდეთ მონოპოლიზებული. პრობლემა იყო იმავე დღეს პარალელური აქციის მოწყობა მთავრობის კანცელარიასთან. აქციას თითქმის ერთი და იგივე გზავნილი ჰქონდა და სწორედ ამიტომ, ადამიანებისთვის რთული იყო გაერკვიათ ის თუ რომელ აქციაზე იყო საუბარი. ჩვენ ერთი თვის წინ, როდესაც დავიწყეთ ამის ორგანიზება, შევხვდით ყველა პარტიას და ვთხოვეთ ხელი არ შეეშალათ ამ იდეისთვის, შეხვედრა შედგა ნაციონალებთანაც. ისინი შეგვპირდნენ, მაგრამ პირობა არ შეასრულეს", - განაცხადა გიგაურმა პრაიმტაიმის ოფისში.

სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის ნინო ლომჯარიას თქმით კი, კანცელარიის წინ გამართული აქცია - "არა კოლაბორაციონიზმს" ენმ-ის ლიდერების მიერ იყო ორგანიზებული და ის იმავე დღეს არ უნდა შემდგარიყო.

"მიზანმიმართული ქმედებები ხდებოდა ჩვენი კამპანიის წინააღმდეგ. ამ თარიღთან დაკავშირებით, ჩვენ ნაციონალურ მოძრაობასთან და სხვა პარტიებთანაც გვქონდა შეთანხმება, რომ არცერთი პარტია იმ დღის ღონისძიებას მათი ინტერესებისთვის არ გამოიყენებდა. არა მგონია, რომ შემთხვევით დაემთხვა ეს აქციები 13 აპრილს. სამწუხაროდ, საზოგადოების რაღაც ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ "ჩვენ ვირჩევთ ევროპას" პარტიული ღონისძიება იყო", - ამბობს ლომჯარია.

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, 16:00-ზე კანცელარიასთან საზოგადოება ივერიას ორგანიზებით გაიმართა აქცია "არა კოლაბორაციონიზმს". ხოლო, 18:00-ზე, რიყეზე, საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით აქცია-კონცერტი - "ჩვენ ვირჩევთ ევროპას". ამ უკანასკნელის ორგანიზებაში მონაწილეობდნენ სამართლიანი არჩევნები და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, რომლების თქმითაც, ყველა ინტერესის ადამიანი უნდა გაერთიანებულიყო ევროპის ასარჩევად. ვიდეომიმართვებს შორის, რომლითაც მოქალაქეები ევროპულ არჩევანს გამოხატავენ, თავისუფალი საქართველოს ლიდერის კახა კუკავას მიმართვაც არის, რომელიც დღემდე, NATO-ს და "ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდის" წინააღმდეგია.

კომენტარები