უკრაინის საგარეო უწყება რუსეთს კონფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაქმნას და რამდენიმე სახელმწიფო ენის შემოღებას ურჩევს. განცხადება ამის შესახებ 31 მარტს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ევგენი პერებიინისმა რუსეთის საგარეო უწყების განცხადებების საპასუხოდ გააკეთა. ოფიციალური მოსკოვი კიევისგან საკონსტიტუციო რეფორმის ჩატარებას, ქვეყნის ფედერალიზაციასა და რუსული ენის მეორე სახელმწიფო ენად გამოცხადებას ითხოვს
პერებიინისის განცხადებით, დაუშვებელია სხვა სახელმწიფომ უკრაინას სახელწმიფო მოწყობის და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ფორმა უკარნახოს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ამგვარ ქმედებებს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევასა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად მიიჩნევს.
რაც შეეხება საპასუხო წინადადებებს, კიევი მოსკოვს სთავაზობს, „ქვეყნის ფედერალურ მოწყობას რეალური შინაარსი შესძინოს, დაუბრუნდეს დემოკრატიულ არჩევნებს რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე, უზრუნველყოს ეროვნული უმცირესობების უფლების დაცვა, რომლებიც ვერ იღებენ სათანადო მონაწილეობას მათი ტერიტორიების განვითარების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში".
„ამ მიმართულებით პროგრესის არარსებობის შემთხვევაში უკრაინას შეუძლია რუსეთს შესთავაზოს საკუთარი წინადადებები მისი სახელმწიფო მოწყობისა და პოლიტიკური სისტემის სრულყოფის თაობაზე. მაგალითად, რუსეთის სახელმწიფოს კონფედერალიზაციის, ასევე 5-10 სახელმწიფო ენისა და სახელმწიფო ორგანოებში ეროვნული კვოტების შემოღების გეგმის სახით", - განაცხადა ევგენი პერებიინისმა.





