ავიაკომპანია RYANAIR

აეროპორტების გაერთიანება: RYANAIR და წინა ხელისუფლება ვერ შეთანხმდნენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება დეპუტატ გიორგი კანდელაკის განცხადებას პასუხობს. ორგანიზაციის ცნობით, ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის პერიოდში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ავიაკომპანია RYANAIR-თან, თუმცა, მოლაპარაკებები ჯერ კიდევ აეროპორტის გახსნამდე შეწყდა, რადგან ყოფილი ხელისუფლება და ავიაკომპანია ვერ შეთანხმდნენ.

"ქუთაისის აეროპორტის მშენებლობის პერიოდში მართლაც მიმდინარეობდა მოლაპარაკებები ავიაკომპანია RYANAIR-თან, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მოლაპარაკებები შეწყდა ჯერ კიდევ აეროპორტის გახსნამდე, ყოფილი ხელისუფლების პირობებში - ვერ მოხდა მხარეთა შორის საბოლოო შეთანხმება. ამასთან, საუბარი შეეხებოდა ორ მიმართულებას და არა ოთხს, როგორც ამას აცხადებს გიორგი კანდელაკი.

ავიაკომპანია WIZZ AIR-თან ურთიერთობის საკითხთან დაკავშირებით - საგულისხმოა, რომ აეროპორტის გახსნამდე შეთანხმება მოხდა მხოლოდ კიევის მიმართულებაზე. რაც შეეხება ავიაკომპანია WIZZ AIR-ის ყველა დანარჩენ ახალ მიმართულებებს, კერძოდ: ვარშავა, კატოვიცე, დონეცკი, ხარკოვი, ლვოვი, ვილნიუსი, ბუდაპეშტი - ამ მიმართულებებზე მოლაპარაკებები და შეთანხმება მოხდა 2013-2014 წლებში. ასევე ხანგრძლივი მოლაპარაკებების და მუშაობის შედეგად 2014 წელს WIZZ AIR-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ვარადის საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრთან შეხვედრის დროს ოფიციალურად გაჟღერდა 2015 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მათი ბაზირების საკითხი, რაზეც ახლა აქტიურად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ამასთანავე ინტენსიურად მიმდინარეობს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობები, რათა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს ავიაკომპანიებისთვის", - აღნიშნულია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

გიორგი კანდელაკმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ხელისუფლება ქუთაისის აეროპორტის განვითარების შეფერხებაში დაადანაშაულა. როგორც გიორგი კანდელაკმა აღნიშნა, ხელისუფლება არ აწარმოებს RYANAIR-თან თითქმის ბოლომდე მიყვანილ მოლაპარაკებებს. მისივე თქმით, ამ პროექტის ბოლომდე მიყვანა ძალიან ბევრი მოქალაქის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახებოდა.

კომენტარები