სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

სუბარი: სააკაშვილს ეჭვი აქვს, მოწმის სახით დაკითხვა სხვა რამეში არ გადაიზარდოს

სოზარ სუბარი

სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, ადამიანი, რომელიც პატივს სცემს საკუთარ სახელმწიფოს, კანონს და კონსტიტუციას, დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. სუბარმა საერთაშორისო კონფერენციაზე - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები", ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, "ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ეჭვი აქვს, რომ შესაძლოა, მოწმის სახით დაკითხვა სხვა რამეში გადაიზარდოს".

„მხოლოდ მოწმის სახით არის დაბარებული და სხვა არაფერი ამ წუთში მას არ ემუქრება. როგორც ჩანს, სააკაშვილს აქვს ეჭვები. ყველაზე კარგად მან იცის, რა აქვს ჩადენილი და ეჭვი აქვს, რომ შეიძლება ეს მოწმის სახით დაკითხვა სხვა რამეში გადაიზარდოს. ნუ ეშინია, ჩამოვიდეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან... ცხრა წლის განმავლობაში, მათ ეს საქმე შემოდეს თაროზე და დღეს აკეთებენ უმსგავს განცხადებებს, ლაპარაკობენ რაღაც დელიკატურ დეტალებზე, თითქოს ამის გამო არ ხდებოდა საქმის გახსნა და ყველას გვაქვს ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ საქმე არის სერიოზულად გაყალბებული. ეს გამოჩნდა თუნდაც იმ ჟურნალისტური გამოძიებებიდან და ოჯახის მიერ ჩატარებული გამოძიებებიდან, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. მე მაოცებს უტიფრობა იმ პოლიტიკოსების, რომლებიც დღემდე თავს უწოდებენ ჟვანიას მეგობრებს, როცა მეუღლე, დედა, შვილები, ძმა გეუბნებიან, რომ თქვენ ხართ მოღალატეები და ნუ ახსენებთ ამ კაცის სახელს“, - განაცხადა სუბარმა.

ცნობისთვის, მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. სააკაშვილი საგამოძიებო ორგანოში დღეს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა, ყოფილმა პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებს.

კომენტარები