საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესმენს მაიკლ როჯერსს შეხვდა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აშშ-ის კონგრესმენთან მაიკლ როჯერსთან და მის თანმხლებ დელეგაციასთან სამუშაო სადილი გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, "შეხვედრისას მხარეებმა მიმდინარე საკითხების ფართო სპექტრი განიხილეს". 

საუბარი შეეხო საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივას.

"აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ საფეხურზე გადავიდეს. მხარეებმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და, ზოგადად, რეგიონში შექმნილი ვითარება. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და ამერიკას შორის თანამშრომლობის პერსპექტივასა და ამ პროცესში აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა აქტიური ჩაბმულობის მნიშვნელობის შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენ მაიკლ როჯერსსა და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს სხვა წარმომადგენლებს, საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვა, რომ არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება" - აცხადებს პრეზიდენტის პრესსამსახური.

კომენტარები