როლანდ ახალაიას საქმე

კუბლაშვილი: უსუფაშვილის განცხადება სამარცხვინოა

chveniambebi.info

პარლამენტის წევრისთვის ბრალის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების  თემას  ნაციონალური მოძრაობის წევრები ეხმაურებიან. საპარლამეტო უმცირესობის წევრი პავლე კუბლაშვილი ამბობს,  რომ ამასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება სამარცხვინოა.

„უსუფაშვილმა ბრძანა, რომ  საქართველოს პარლამენტის წევრს არ სჭირდება არანაირი დაცვა სამართლებრივი დევნისაგან, სამართლადამცავების უკანონო ქმედებებისგან და  ამისათვის ნებისმიერი ჩანაწერი, რომელიც  თუ კონსტიტუციაში არ არის  და სხვა კანონშია, არის არაკონსტიტუციური. ესაა სრული აბსურდი. ძალიან ცუდია, თუ ვინმე ფიქრობს, რომ დღეს ეს ნორმა უნდა გაუქმდეს. მე ვფიქრობ, რომ ამით ბატონ უსუფაშვილს უნდა წარმოაჩინოს, თითქოს ის არაფერ შუაში არ არის პოლიტიკურ დევნასთან, ეს პოლიტიკური დევნა ხორციელდება მის მიღმა, პარლამენტი კავშირში არაა, არ გამოვა ბატონო დავით. ეს ყველაფერი მაინც პარლამენტის გასაკეთებელი იქნება. ამიტომ გადაბრალებები  და სხვაგან თითის გაშვერა უადგილოა“,-აცხადებს კუბლაშვილი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი აცხადებს, რომ უსუფაშვილს არ უნდა ეშლებოდეს, რა  არის ანტიკონსტიტუციური და რა არის კონსტიტუციური ნორმა.

„კონსტიტუცია განსაზღვრავს ზოგად ჩარჩოს, პარლამენტის წევრის  იმუნიტეტთან დაკავშირებით და ითხოვს პარლამენტის თანხმობას დაკითხვის, დაპატიმრების პროცედურებთან დაკავშირებით. მაგრამ, იმავდროულად სისხლის სამართლის საპროცესო კანონს, ისევე როგორც სხვა უამრავ კანონმდებლობას აქვს უფლება  დააკონკრეტოს  კონკრეტული  საკითხი. პარლამენტის დღევანდელი ხელმძღვანელობა, თავმჯდომარე  ცდილობს პასუხისმგებლობა აირიდოს  იმ დევნაზე, რომელიც პარლამეტის წევრების მიმართ უკვე დაწყებულია“,-ამბობს დეპუტატი.

ცნობისთვის, დღეს დავით უსუფაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტს როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება და სამართლებრივი პროცედურები არ აქვს. 

„პარლამენტის წევრ როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე პარლამენტის თანხმობის საკითხის სამართლებრივი გარემოებების შესწავლის შემდეგ, გაირკვა, რომ:

ა) საქართველოს პარლამენტს არ გააჩნია როლანდ ახალაიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის საკითხის განხილვის კონსტიტუციური უფლებამოსილება (კონსტიტუციის 52-ე მუხლი) და სამართლებრივი პროცედურები (პარლამენტის რეგლამენტი, კანონი პარლამენტის წევრის სტატუსის შესახებ);

ბ) საქართველოს მთავარ პროკურორს არ გააჩნია პარლამენტის წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელების შესაძლებლობა პარლამენტის თანხმობის გარეშე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლები);

გ) ამგვარი სამართლებრივი კოლიზიის შედეგად, პარლამენტის წევრს პრაქტიკულად აბსოლუტური იმუნიტეტი ენიჭება - შეუძლებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, მიუხედავად დანაშაულის სიმძიმისა და მტკიცებულებათა უტყუარობისა.

დ) აღნიშნული აბსურდული ვითარების მიზეზია 2010 წლის სექტემბერში სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 167-ე და 169-ე მუხლებში შეტანილი ცვლილება (ინიციატორები პ. კუბლაშვილი და ლ.თორდია), რამაც კანონის დონეზე აღადგინა ის ინსტიტუტი, რომელიც 2004 წლიდან გაუქმებული იყო კონსტიტუციის დონეზე. ირკვევა ისიც, რომ აღნიშნული საკითხი არანაირი ფორმით არ ფიგურირებდა კანონპროექტში არც ინიცირების და არც პირველი მოსმენით მიღების დროს და პროექტს ჩაემატა მეორე მოსმენის დროს, რაც საკანონმდებლო პროცესის უხეში დარღვევაცაა“, - აცხადებს უსუფაშვილი და აღნიშნავს, რომ პარლამენტის ბიუროს მიმართავს, რათა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2010 წელს შეტანილი ცვლილების დაჩქარებული წესით გასაუქმებლად კანონპროექტის ინიცირება მოხდეს.“

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. უწყების ცნობით, "საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს".

პროკურატურის განცხადებით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, ახალაიამ ბრალდებულთა ახლობლებს 150 000 და 60 000 ლარი ჩაარიცხვინა შპს სანის ანგარიშზე "თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით".

როგორც როლანდ ახალაიამ განაცხადა, მისთვის ბრალის წაყენების მცდელობა პროვოკაციაა. დეპუტატმა აღნიშნა,რომ არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

"ეს არის ზუგდიდის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც არის ფარცხალაძის განუყოფელი მეგობარი. სინამდვილეში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს თანხა დევს იქ - საპატრიარქოსთვის განკუთვნილი. განმუხურში უნდა გაშენებულიყო მეგრული ოდა პატრიარქის დასასვენებლად. მიწა მოვნიშნეთ მე და ზუგდიდის მეუფემ, ჩასულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მიწის გამოყოფაც ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ამაზე თუ არის ბრალდებაში საუბარი, მე ჯერ არ მინახავს", - განაცხადა ახალაიამ.

დეპუტატის განცხადებას საპატრიარქომ უპასუხა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიამ ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი სახლის აშენების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნული არ განხორციელებულა.

კომენტარები