როლანდ ახალაიას საქმე

როლანდ ახალაიას საკითხზე დავით უსუფაშვილი განცხადებას ხვალ გააკეთებს

medianews.ge

საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ როლანდ ახალაიასთვის ბრალის წარდგენის საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარე  დავით უსუფაშვილი განცხადებას ხვალ გააკეთებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

„პროკურატურას მომართვა აქვს კანონის სრული დაცვით. რაც შეეხება პარლამენტის გადაწყვეტილებას, ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე აპირებს, რომ გააკეთოს განცხადება და დეტალურად ახსნას პარლამენტის პოზიცია. ყველაფერი სამართლებრივ ჭრილში იქნება გადაწყვეტილი“,-აცხადებს ბესელია.

ცნობისთვის,  საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. უწყების ცნობით, "საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს". 

პროკურატურის განცხადებით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, ახალაიამ ბრალდებულთა ახლობლებს 150 000 და 60 000 ლარი ჩაარიცხვინა შპს სანის ანგარიშზე "თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით".

როგორც როლანდ ახალაიამ განაცხადა, მისთვის ბრალის წაყენების მცდელობა პროვოკაციაა. დეპუტატმა  აღნიშნა,რომ  არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია.

"ეს არის ზუგდიდის საგამოძიებო სამსახურის უფროსის მიერ მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც არის ფარცხალაძის განუყოფელი მეგობარი. სინამდვილეში არანაირ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ეს თანხა დევს იქ - საპატრიარქოსთვის განკუთვნილი. განმუხურში უნდა გაშენებულიყო მეგრული ოდა პატრიარქის დასასვენებლად. მიწა მოვნიშნეთ მე და ზუგდიდის მეუფემ, ჩასულები ვიყავით, მაგრამ შემდეგ მიწის გამოყოფაც ვერ მოხერხდა გარკვეული მიზეზების გამო. ამაზე თუ არის ბრალდებაში საუბარი, მე ჯერ არ მინახავს", - განაცხადა ახალაიამ.

დეპუტატის განცხადებას საპატრიარქომ უპასუხა. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალაიამ ზუგდიდში საეპისკოპოსო რეზიდენციის, ანაკლიაში კი სახლის აშენების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა აღნიშნული არ განხორციელებულა.

 

 

 

კომენტარები