როლანდ ახალაიას საქმე

გაბაშვილი: უმცირესობის წევრ დეპუტატებზე პოლიტიკური დევნა იწყება

news.ge

”პროკურატურამ გადააბიჯა იმ ზღვარს, რომელზეც წელიწად-ნახევრი, როგორც ჩანს, თავს იკავებდა და პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილების მოხსნის თაობაზე პირველად შედის”, - ეს განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. გაბაშვილი უმცირესობის დეპუტატის როლანდ ახალაიასთვის ბრალის წაყენების მცდელობას გამოეხმაურა.

როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, პოლიტიკურ დევნას ტოტალური ხასიათი მიეცა.

”მას შემდეგ, რაც ადგილობრივ თვითმმართველობებში მერების, გამგებლების, ყოფილი მინისტრების წინააღმდეგ ათობით საქმე აღძრეს და პოლიტიკურ დევნას მისცეს ტოტალური ხასიათი, როგორც ჩანს, გადაწყვეტილია, რომ ამჯერად უკვე უმცირესობის წევრ დეპუტატებზეც დაიწყონ საქმეების აღძვრა და ამ მეთოდით მომზადება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ დეპუტატებმა არ იაქტიურონ თავის რაიონებში და ამ გზით ჩამოიცილონ თავიდან”, - განაცხადა გაბაშვილმა.

როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, ხელისუფლებას პოლიტიკური ანგარიშსწორების ეს გზა ძალიან ცუდად შემოუტრიალდება.

”პოლიტიკური ანგარიშსწორების ეს გზა, რომელსაც ადგას ხელისუფლება, არის ძალიან სახიფათო გზა. ეს მიჯნა, რომელიც დღეს გადალახეს და უკვე საქართველოს პარლამენტის  წევრების წინააღმდეგ იწყებენ მოქმედებას, ესეც არის ძალიან სახიფათო მოქმედება მათი მხრიდან. ეს არის პანდორას ყუთი, რომელიც ძალიან ცუდად შემოუტრიალდება ხელისუფლებას, იმიტომ რომ საქმე არის უკვე არჩეულ დეპუტატებზე და უკვე მათ წინააღმდეგ იწყება პოლიტიკური დევნა”, - აღნიშნა გაბაშვილმა. 

ცნობისთვის, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ წინადადებით მიმართა პარლამენტს დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად. უწყების ცნობით, "საქმე ეხება როლანდ ახალაიას სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად მუშაობის პერიოდში, მის მიერ ჩადენილ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს". 

პროკურატურის განცხადებით, საპროცესო გარიგების სანაცვლოდ, ახალაიამ ბრალდებულთა ახლობლებს 150 000 და 60 000 ლარი ჩაარიცხვინა შპს სანის ანგარიშზე "თითქოსდა ქველმოქმედების მიზნით".

კომენტარები